Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში დროებითი ზავის ვადა იწურება


„ჰამასის“ მძევლობიდან 28 ნოემბერს გათავისუფლებული 12 წლის ბიჭი დედასთან ერთად
„ჰამასის“ მძევლობიდან 28 ნოემბერს გათავისუფლებული 12 წლის ბიჭი დედასთან ერთად

დღეს, 1 დეკემბერს ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ამოიწურება ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის დროებითი ჰუმანიტარული ზავის მოქმედების ვადა.

ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი ეგვიპტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეები ჰუმანიტარული ზავის კიდევ ერთი დღით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა. ეგვიპტე, კატართან ერთად, მოლაპარაკებებში შუამავლის მისიას ასრულებს.

ჰუმანიტარული ზავის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ისრაელის იმ რაიონებში, რომლებიც ღაზის სექტორს ესაზღვრება, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ისრაელის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღაზის სექტორიდან ნასროლი რაკეტა მოიგერია. ისრაელის თავდაცვის არმიამ წარმატებით მოგერიება დაადასტურა, თუმცა, მის ოფიციალურ შეტყობინებაში კონკრეტულად რაკეტა ნახსენები არ არის.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 22 ნოემბერს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და ღაზის სექტორში მყოფი, ისრაელიდან გატაცებული მძევლების, ძირითადად ქალების და ბავშვების გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი ქალების და მოზარდების გაშვებას და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრის 07:00 საათამდე. 30 ნოემბერს დროებითი ზავი კიდევ ერთი დღით, 1 დეკემბრის 07:00 საათამდე გაგრძელდა. 30 ნოემბერს „ჰამასმა“ 8 მძევალი გაათავისუფლა, ხოლო ისრაელმა - 30 პალესტინელი პატიმარი.

7-დღიანი ჰუმანიტარული პაუზის პერიოდში „ჰამასმა“ გაათავისუფლა 100-ზე მეტი მძევალი და ისრაელის საპატიმროები დატოვა 240-მდე პალესტინელმა. დროებითი ზავის ამოქმედებამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზის სექტორში 240-მდე მძევალია.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 14 000-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG