Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ არ ცნო ტრამპის იმუნიტეტი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში


ტრამპის გამოსვლა მიტინგზე, რის შემდეგაც მისი მხარდამჭერები შეიჭრნენ თეთრ სახლში, 2021 წლის 6 იანვარი
ტრამპის გამოსვლა მიტინგზე, რის შემდეგაც მისი მხარდამჭერები შეიჭრნენ თეთრ სახლში, 2021 წლის 6 იანვარი

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამდგომლობა, პრეზიდენტის იმუნიტეტის საფუძველზე, შეეწყვიტათ მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც კაპიტოლიუმის შტურმში მის როლს უკავშირდება, - ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „ასოშიეითიდ პრესი“, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნო.

მანამდე, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტები სარგებლობენ ამ იმუნიტეტით სამოქალაქო პასუხისმგებლობის დროს სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული ქმედებების გამო, თუმცა, იმუნიტეტის საკითხი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში არასოდეს წამოჭრილა.

მოსამართლე ტანია ჩუტკანმა თავის განჩინებაში დაწერა, რომ „ყოფილი პრეზიდენტები არ სარგებლობენ განსაკუთრებული პირობებით, როცა საქმე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხება“ და „დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია თანამდებობაზე ყოფნისას“.

ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ბრალდება არღვევს ყოფილი პრეზიდენტის სიტყვის თავისუფლების უფლებას აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების მიხედვით და, მათი აზრით, ტრამპს ჰქონდა უფლება გაესაჩივრებინა არჩევნების შედეგები, რომელიც, მისი განცხადებით, იყო გაყალბებული.

რაზეც მოსამართლე ჩუტკანმა აღნიშნა, რომ „ეს შესწორება არ იცავს ისეთ სიტყვას, რომელიც გამოიყენება დანაშაულის ინსტრუმენტად“.

„ბრალდებული პასუხისმგებლობაში იმის გამო კი არ არის მიცემული, რომ მან ცრუ განცხადებები გააკეთა, არამედ დანაშაულებრივი შეთქმულების მხარდასაჭერად შეგნებულად გაკეთებული ცრუ განცხადებებისა და საარჩევნო პროცესის დაბრკოლებისთვის“, - წერს ჩუტკანი.

მაშინ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ დაადგინა, რომ ტრამპს ასევე შეიძლება დაეკისროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შტურმის დროს მისი როლისთვის.

კოლეგიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო კონგრესმენებისა და პოლიციის ოფიცრების პრეტენზიების საფუძველზე, რომლებიც აცხადებენ, რომ ტრამპმა „მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა“ თავისი მხარდამჭერების აჯანყების „წახალისებით“.

ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ, მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ ტრამპის გამოსვლა მიტინგზე სცილდებოდა მის საპრეზიდენტო მოვალეობებს - ამ შემთხვევაში ის მოქმედებდა როგორც კანდიდატი და არა როგორც პრეზიდენტი. ამავდროულად, მოსამართლეებმა ტრამპს დაუტოვეს შესაძლებლობა, გააგრძელოს იმუნიტეტით სარგებლობისთვის ბრძოლა და გადაწყვეტილება აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.

ტრამპის წინააღმდეგ, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა კენჭისყრას გეგმავს, ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ტრამპი არც ერთ მათგანში საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს.

XS
SM
MD
LG