Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პრეზიდენტმა დაბლოკა უკრაინისთვის 100 ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდება


ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი
ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის ადრე დამტკიცებულ მიწოდებას. ამის შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური.

22 ნოემბერს ქვეყნის პარლამენტმა მოახდინა რატიფიცირება სამთავრობო შეთანხმებისა, რომელიც უკრაინისთვის 100 ბულგარული ჯავშანტრანსპორტიორის უსასყიდლო მიწოდებას ითვალისწინებს. დოკუმენტს აგვისტოში ხელი ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მოაწერეს. საპარლამენტო ფრაქციების უმრავლესობამ ხმა მისცა რატიფიკაციას, მხოლოდ სოციალისტები და პრორუსული პარტია „ვოზროჟდენიე“ იყვნენ წინააღმდეგი.

რადევმა თავისი ვეტო იმით გაამართლა, რომ სიძველის მიუხედავად, ბულგარეთში ჯავშანტექნიკის გამოყენება შეიძლებოდა, მაგალითად, საზღვრის დაცვის ან კატასტროფების მართვის დროს. "მე ვხელმძღვანელობ იმ რწმენით, რომ ბულგარეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე პრიორიტეტი უნდა იყოს", - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა. ბულგარეთის პარლამენტს შეუძლია დაძლიოს ვეტო და დაჟინებით მოითხოვოს შეთანხმების განხორციელება.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ბულგარეთში მწვავე დისკუსიებს იწვევს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან. 2022 წლის დეკემბერში პარლამენტი უკრაინისთვის სამხედრო-ტექნიკური დახმარების გაწევას დასთანხმდა. საუბარია იარაღზე, რომელიც, სავარაუდოდ, ბულგარეთის არმიას და სამართალდამცავ ორგანოებს აღარ სჭირდებათ. პრეზიდენტი რადევი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდანაა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის წინააღმდეგი.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში, სოფიაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე რუმენ რადევმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს რამდენჯერმე უწოდა „კონფლიქტი“, რომელიც გადაიზრდება გამომფიტველ ომში და შეუძლებელია მისი სამხედრო გზით გადაჭრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარეთის პრეზიდენტს შეუსწორა, რომ ეს არა კონფლიქტი, არამედ ომიაო. ზელენსკიმ ბულგარელ კოლეგას ურჩია, რომ იარაღი მიაწოდოს უკრაინას, რომელიც ამ იარაღით ევროპას იცავს. „ის, რაც თქვენ დაგრჩათ, არასაკმარისი იქნება თქვენი არმიისთვის რუსეთთან საომრად, თუ ის აქ მოვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG