Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: ისრაელი განიხილავს „ჰამასის“ გვირაბების წალეკვის შესაძლებლობას


ისრაელის არმიის სამხედროები ღაზის სექტორში, „ჰამასის“ გვირაბების ერთ-ერთ სავარაუდო ჩასასვლელთან. 2023 წლის ნოემბერი
ისრაელის არმიის სამხედროები ღაზის სექტორში, „ჰამასის“ გვირაბების ერთ-ერთ სავარაუდო ჩასასვლელთან. 2023 წლის ნოემბერი

ისრაელის არმიაში განიხილება ღაზის სექტორში არსებული გვირაბების ზღვის წყლით ჩაძირვის გეგმა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. საუბარია გვირაბებზე, რომლებსაც პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ იყენებს.

გამოცემის წყაროთა თანახმად, ისრაელის არმიის სამხედროებმა ნოემბრის შუა რიცხვებში ღაზის სექტორში, აშ-შატის დევნილთა ბანაკიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით ნახევარ კილომეტრში დაამონტაჟეს, სულ მცირე, 5 ტუმბო. WSJ წერს, რომ საათში 1000მ³ წყლის გაშვების შემთხვევაში, მიწისქვეშა გვირაბები წყლით რამდენიმე კვირაში დაიფარება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი „ჰამასის“ წევრებს გვირაბებიდან ამოიყვანს, თუმცა საფრთხეს უქმნის ღაზის სექტორის წყლით მომარაგების სისტემას და სხვა ინფრასტრუქტურას.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ისრაელის არმიის წარმომადგენელმა გვირაბების ჩაძირვის გეგმის კომენტირებაზე უარი უთხრა, თუმცა განაცხადა, რომ მუშაობენ „ჰამასის“ ტერორისტული პოტენციალის სამხედრო და ტექნოლოგიური საშუალებებით განადგურებაზე.

ისრაელის, აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოების და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასი“ წლებია საკუთარი მიზნებისთვის, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე შესაღწევად იყენებს ღაზის სექტორის მიწისქვეშა გვირაბების სისტემას.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 15 000-ზე მეტი ადამიანი.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.
XS
SM
MD
LG