Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლის დირექტორობის კონკურსის მონაწილემ განათლების სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო


მაია ეკალაძე განათლების სამინისტროს შენობის წინ შიმშილობს.
მაია ეკალაძე განათლების სამინისტროს შენობის წინ შიმშილობს.

საჯარო სკოლებში დირექტორობის შესარჩევ კონკურში მონაწილე მაია ეკალაძემ განათლების სამინისტროს შენობის წინ, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, შიმშილობა დაიწყო. პროტესტის ამ ფორმით ის სამინისტროს მაღალჩინოსნების ყურადღების მიქცევას ცდილობს.

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იხსენებს, რომ დირექტორობის სურვილი ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა, როცა სერტიფიკატის მისაღები გამოცდები ჩააბარა - მაშინ ისეთ სკოლებს შესთავაზეს მისი კანდიდატურა, სადაც კონკურსში მონაწილეობდნენ მოქმედი დირექტორებიც. ვერ გაიმარჯვა და ამაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. მესამედ დირექტორობა 2023 წელს სცადა, მაგრამ ამჯერად სამინისტროს კომისიამ მას უარი უთხრა გასაუბრების შემდეგ, კონკურსის პირველივე ეტაპზე.

"ყველაფერმა ჩაიარა ძალიან კარგად 5 აპრილს, როცა გასაუბრება იყო. თუმცა 24 აპრილის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ მე უნდა დავეწუნებინე. პირველივე გასაუბრებაზე დამბლოკეს - სერტიფიკატიც არ მომცეს...

არ არსებობს გასაუბრების ვიდეოჩანაწერი. ფურცელზე არაფერს ინიშნავდნენ. როგორ დამიმახსოვრეს ყველა კრიტერიუმით ამდენი დღის განმავლობაში?!. მე არ მაქვს დოკუმენტი, რომლის წაღებასაც სასამართლოში შევძლებ. მომცეს მხოლოდ ოქმი, რომელსაც ხელს ჩემი კომისიის წევრები არ აწერენ, სხვა ადამიანები არიან", - ამბობს განათლების სამინისტროს შენობის წინ, ქუჩაში მდგარ სკამზე ჩამომჯდარი მაია ეკალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

მისი თქმით, კონკურსთან დაკავშირებით კითხვა პირველად 6 თვის წინ დასვა და რამდენიმე განცხადებითაც მიმართა სამინისტროს. მას მინისტრი გუშინ, 4 დეკემბერს, შეხვდა, თუმცა შიმშილობა მაინც დაიწყო.

მაია ეკალაძესთან ერთად სამინისტროს წინაა მისი ორი კოლეგა: დათო ფერაძე და გიორგი ჭაუჭიძე. მათაც სკოლის დირექტორობა სურდათ.

დათო ფერაძე (მარცხნივ), მაკა ეკალაძე და გიორგი ჭაუჭიძე განათლების სამინისტროს შენობის წინ
დათო ფერაძე (მარცხნივ), მაკა ეკალაძე და გიორგი ჭაუჭიძე განათლების სამინისტროს შენობის წინ

"მე სერტიფიკატი მომცეს, რის შემდეგაც უნდა მიმეთითებინა სასურველი სამი სკოლა. არცერთში არ წარმადგინეს, ერთ-ერთში, 23-ე საჯარო სკოლაში კი დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნეს", - ამბობს დათო ფერაძე.

მისი სიტყვებით, 500-მდე სერტიფიცირებული კანდიდატიდან 390 დაბლოკეს.

განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, გუშინ, 4 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ამ საკითხზე კითხვა დაუსვა "ფორმულის" ჟურნალისტმა. მინისტრი ფიქრობს, რომ მედიასაშუალებების ნაწილი ცდილობს რეფორმები დააზიანოს.

"თქვენ მოდიხართ, რა თქმა უნდა, "მთავარი", "TV პირველი" და ყოველდღე ან არ ვიცი, საქმე გამოგელიათ, ან მიზანმიმართულად გინდათ მთავარი რეფორმები დააზიანოთ. აშუქებთ ორი ადამიანის პროტესტს, რომელიც მნიშვნელოვანია, თავისთავად, ერთი ადამიანისაც კი, მაგრამ გამოგყავთ ეს თითქოს სისტემური და ათიათასობით ადამიანის პროტესტია მაშინ, როდესაც 92%-ში იქნება არჩევნები სამართლიანად ჩატარებული", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

რადიო თავისუფლებას არაერთი მასალა აქვს მომზადებული საქართველოს საჯარო სკოლებში დირექტორების ასარჩევად ჩატარებული კონკურსების შესახებ.

XS
SM
MD
LG