Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო დუმაში სურთ, აზოვის ზღვა წლის ბოლომდე ცნონ რუსეთის შიდა ზღვად


პორტი ბერდიანსკი აზოვის ზღვაზე. 2022 წ. მარტი.
პორტი ბერდიანსკი აზოვის ზღვაზე. 2022 წ. მარტი.

რუსეთის სახელმწიფო დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს აზოვის ზღვის ცნობას რუსეთის შიდა ზღვად და რომელზეც არ უნდა გავრცელდეს საერთაშორისო კანონმდებლობა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს რუსეთის ფედერაციის პარლამენტის დეპუტატ მიხაილ შერემეტზე დაყრდნობით.

შერემეტის თქმით, დოკუმენტი უკვე მოწონებულია სახელმწიფო დუმის შესაბამისი კომიტეტის მიერ, კანონპროექტი 2023 წლის ბოლომდე შეიძლება იქნეს მიღებული.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს, ხერსონისა და დონეცკის ოლქების ტერიტორიების ანექსიის შემდეგ, რომლებიც აზოვის ზღვაზე გადის, „იზეიმა ისტორიულმა სამართლიანობამ და უკრაინამ აქ დაკარგა სანაპირო სახელმწიფოს სტატუსი“.

რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს, ხერსონისა და დონეცკის ოლქების ზღვისპირა რაიონების ოკუპაცია მოახდინეს სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებსა და თვეებში. აზოვის ზღვაში, უკრაინის პორტებში, განლაგდა რუსეთის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები, რომლებიც იცავენ სახმელეთო დერეფანს, რომელიც რუსეთს ადრე ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს.

30 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის,“ „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიების მიღება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ამასთან, მოსკოვი სრულად ვერ აკონტროლებს უკრაინის ვერცერთ ოლქს, რომელთა ანექსიის შესახებაც გამოაცხადა. უკრაინის კონტროლქვეშ რჩება ზაპოროჟიეს ოლქისა (მათ შორის დედაქალაქი ზაპოროჟიე) და დონეცკის ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების მცირე მონაკვეთები.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმი შარშან 23-დან 27 სექტემბრამდე ჩატარდა. ე.წ. კენჭისყრის შედეგებით, ხელში ჩაგდებული უკრაინული ტერიტორიების საოკუპაციო ხელისუფლებებმა პუტინს მიმართეს მოწოდებით, ეს ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში შეეყვანა.

საერთაშორისო სამართალში დეტალურად არ არის აღწერილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების კანონიერების საკითხები. გარდა იმისა, რომ გაეროს წესდება მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში კრძალავს ქვეყნების ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას, ანუ ტერიტორიების ანექსიას.

2014 წელს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ განიხილა კანონპროექტი, რომელიც ყირიმის ანექსიის საფუძველი გახდა. კომისიამ დაასკვნა, რომ იგი არღვევს ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული სუვერენიტეტის, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის საერთაშორისო პრინციპებს. კომისიამ დაადგინა, რომ ყირიმში გამართული ფსევდორეფერენდუმი არ შეესატყვისება ევროპის დემოკრატიულ სტანდარტებს. ეს დასკვნები დღემდე ძალაში რჩება ყველა ოკუპირებულ ტერიტორიასთან მიმართებით, აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.

„სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების დარღვევის ტოლფასია“, - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG