Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგზო-უკვლოდ დაკარგული უფლებადამცველი მაქსიმ ბუტკევიჩი ლუგანსკის კოლონიაში აღმოჩნდა


მაქსიმ ბუტკევიჩი
მაქსიმ ბუტკევიჩი

უკრაინელი უფლებადამცველი და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი მაქსიმ ბუტკევიჩი, რომელიც გასამართლების შემდეგ გაუჩინარდა, ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრასნი-ლუჩის კოლონიაში აღმოჩნდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა გაზეთ "გრატას" განუცხადა.

აგვისტოში აღძრულ საქმეზე მოსკოვში გამართული სააპელაციო სასამართლოს შემდეგ, ბუტკევიჩის ახლობლებმა არაფერი იცოდნენ მის ადგილსამყოფელზე.

მაქსიმ ბუტკევიჩი, რომელიც უკრაინის არმიაში მოხალისედ გაწევრიანდა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მალევე, რუსმა სამხედროებმა 2022 წლის ივნისში შეიპყრეს.

მიმდინარე წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ბუტკევიჩს 13 წელი მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა სევეროდონეცკის საცხოვრებელი კორპუსის ყუმბარმტყორცნიდან დაბომბვა. გაზეთი "გრატა" იუწყებოდა, რომ ბუტკევიჩი საბრძოლო ზონაში აღმოჩნდა ხსენებული დაბომბვიდან 10 დღის შემდეგ, მანამდე კი კიევში იმყოფებოდა.

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი მიიჩნევს, რომ ბრალდებები გაყალბებულია და ბუტკევიჩზე შურისძიების სურვილით არის ნაკარნახევი, მისი საქმიანობისთვის ადამიანის უფლებათა სფეროში.

XS
SM
MD
LG