Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში მწვავე ბრძოლები აბრკოლებს ჰუმანიტარულ დახმარებას, მოსახლეობისთვის მცირდება უსაფრთხო რეგიონები


ხან-იუნუსიდან გაქცეულმა პალესტინელებმა კარვები გაშალეს რაფაჰში. 6 დეკემბერი, 2023.
ხან-იუნუსიდან გაქცეულმა პალესტინელებმა კარვები გაშალეს რაფაჰში. 6 დეკემბერი, 2023.

6 დეკემბერს ისრაელის ძალები ღაზის სექტორში განაგრძობდნენ საბრძოლო მოქმედებებს ექსტრემისტული პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული აშშ-სა და ევროპის კავშირში.

ბრძოლებმა შეაფერხა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება სექტორის უდიდეს ნაწილში და ნგრევა და მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება გამოიწვია ჩრდილოეთიდან სამხრეთში.

ისრაელის არმიის სახმელეთო იერიშები ამჟამად კონცენტრირებულია ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქ ხან-იუნისზე. კიდევ უფრო მეტად შემცირდა ის არეალი, სადაც პალესტინელ სამოქალაქო პირებს შეუძლიათ თავის შეფარება. დიდი რაოდენობით ხალხი, რომელსაც რამდენჯერმე მოუწია გაქცევა, ეგვიპტის ჩაკეტილ საზღვარს მიაწყდა.

როგორც BBC იტყობინება, „ჰამასის“ ზოგიერთი მაღალი რანგის ლიდერი თავს აფარებს ხან-იუნისს, რომელიც მისი სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის, მოჰამედ დეიფის, და ღაზაში დაჯგუფების ლიდერის, იაჰია სინვარის მშობლიური ქალაქია.

ისრაელის სამხედროებმა განკარგულება გასცეს, ხან-იუნისში მყოფებმა, რომელთაგან ასიათასობით იძულებული იყო, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან ჩასულიყო ქალაქში, გადაინაცვლონ ეგვიპტის საზღვარზე, რაფაჰისკენ და ალ-მავასის ზღვისპირა რაიონისკენ, სადაც გამოყოფილია უსაფრთხოების ე.წ. ჰუმანიტარული ზონა.

სამხედრო ოპერაცია გრძელდება ღაზის ჩრდილოეთშიც, მათ შორის ლტოლვილთა ბანაკ ჯაბალიის რაიონში. ჯაბალია ღაზის სექტორში ომამდე ლტოლვილთა უდიდესი ბანაკი იყო. ისრაელი აცხადებს, რომ ის „ჰამასის“ მიერ ბაზად გამოიყენებოდა. ჯერაც უცნობია, რამდენი სამოქალაქო პირია დარჩენილი ჯაბალიაში, მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მასზე გრძელდებოდა ისრაელის ავიადარტყმები.

XS
SM
MD
LG