Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" დატოვა პარტიის 15-მა წევრმა კახეთში


საილუსტრაციო ფოტო: პარტიის ცენტრალური ოფისი თბილისში
საილუსტრაციო ფოტო: პარტიის ცენტრალური ოფისი თბილისში

ბათუმის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხობისა და კასპის შემდეგ, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 15-მა წევრმა დატოვა კახეთში. მათ შორისაა სიღნაღის საკრებულოს ორი დეპუტატი: ნატო უსენაშვილი და ნონა ნონიაშვილი. რამდენიმე თვის წინ, მათ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობაც" დატოვეს და საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატებად აგრძელებენ მუშაობას.

როგორც ნატო უსენაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ მენეჯმენტთან უთანხმოების გამო მიიღეს.

„რაც ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ნიკა მელიას მხარდამჭერების მიმართ მოდიოდა მუდმივად ზიზღი და დამცირება. გვედავებოდნენ, რომ პარტიის და საკრებულოში ფრაქციის იმიჯს ვაზიანებდით... როცა ამას გვეუბნებიან, ფაქტია, მიგვითითებდნენ, რომ ჩვენი ადგილი "ნაციონალურ მოძრაობაში" არ იყო. სანამ ხაბეიშვილი მოვიდოდა, მანამდეც იყო შიდაპარტიული არჩევნები. მაშინ მე მხარი დავუჭირე არა მელიას, არამედ ვარშალომიძეს, მაგრამ მელიას ამის გამო ჩემთვის არაფერი უთქვამს. ახლა განსხვავებული აზრი იდევნება. ძალიან შეურაცხმყოფელია მათი დამოკიდებულება ჩვენდამი, ამიტომ ვტოვებთ პარტიას, მაგრამ არ ვტოვებთ საკრებულოს მანდატებს. ვიდგებით იქ, სადაც იქნება სიმართლე და დემოკრატია. ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლებთ ნიკა მელიასთან ერთად“, - თქვა ნატო უსენაშვილმა.

პარტიის იმავე მიზეზებით დატოვების შესახებ განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ახმეტის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნინო უშიკიშვილმაც. იგი ამბობს, რომ პარტიის რიგითი წევრი იყო, "ნაციონალური მოძრაობის" ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარე შაქრო ტერტერაშვილი კი აღნიშნავს, რომ უშიკიშვილი 2017 წლიდან აღარაა პარტიის რიგებში.

”2017 წლიდან ის დაინიშნა თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად "პატრიოტთა ალიანსიდან" და სამი არჩევნების მანძილზე ის "პატრიოტთა ალიანსს" წარმოადგენდა. "პატრიოტების" დაშლის შემდეგ, ის ჩვენთან აღარ დაბრუნებულა. სხვა პარტიის წარმომადგენელმა "ნაციონალური მოძრაობა" როგორ დატოვა, ვერ გეტყვით”, - თქვა ტერტერაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ დატოვა თელავის საკრებულოს წევრმა იმედა კევლიშვილმაც.

დღეს, 7 დეკემბერს, "ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლის შესახებ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რვიდან ექვსმა დეპუტატმა კასპის საკრებულოში. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მათ თქვეს, რომ პარტიას ტოვებენ მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის გამო და აპირებენ მის წინამორბედთან, ნიკა მელიასთან ერთად განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა.

XS
SM
MD
LG