Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო: ქართულმა დელეგაციამ ჟენევაში დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდს, რომელიც 5-6 დეკემბერს გაიმართა. უწყება გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ქართულმა დელეგაციამ დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა, "რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო გამოხატულებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას".

სამინისტროს ცნობით, რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა "კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება" და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვის დროს დატოვეს მოლაპარაკებები.

ჟენევის დისკუსიის დასრულების შემდეგ სპეციალური განცხადება გაავრცელა ასევე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლობამ.

"დისკუსია გაიმართა ორ სამუშაო ჯგუფში, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. პირველი სამუშაო ჯგუფის ყურადღება რეგიონული უსაფრთხოების აქტუალური საკითხების განხილვას ეხებოდა. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ქართული მხარის მიერ მოწყობილ პროვოკაციებზე, სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ფაქტებზე და სახელმწიფო საზღვრის ხაზის მონიშვნის მნიშვნელობაზე უნებლიე დარღვევების თავიდან ასაცილებლად. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ კვლავ შესთავაზა ქართულ მხარეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დელიმიტაციისა და დემარკაციის დაწყება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ შეშფოთებას იწვევს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც განიხილება სერიოზულ გამოწვევად რეგიონული სტაბილურობისთვის და საფრთხედ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისთვის.

ცხინვალის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის პროექტზე მუშაობა ჩიხშია შესული, თუმცა მომავალ დისკუსიაზე უნდა გაგრძელდეს.

როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის კარნახით, ცხინვალი და სოხუმი მოითხოვენ საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. საქართველოს დელეგაცია რუსეთისგან ითხოვს მსგავსი შეთანხმების დადებას.

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი მომავალი წლის აპრილშია დაგეგმილი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.

მოლაპარაკებების 59-ე რაუნდს გამოეხმაურა აშშ-ის მისია ჟენევაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. მასში დაგმობილია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა.

"ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება. რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელიც სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე აყენებს საკუთარ ძალებს. რუსეთი არღვევს გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტსა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას.

ყველა ამ დარღვევას შედეგად მოჰყვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა, საკუთარი ქვეყნის შიგნით მოგზაურობის გამო. ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ რუსეთის ქმედებებს", - წერია განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიების შემდეგ განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მასში საუბარია ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე.

"სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატოს მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნის თანამედროვე ტიპის შეიარაღებით მომარაგებით", - ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა „გამოთქვეს საერთო ინტერესი ჟენევის ფორმატის, როგორც მრავალმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმის, შენარჩუნებისთვის სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტებზე რეგულარული დიალოგის შესანარჩუნებლად“.

XS
SM
MD
LG