Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ სანქციები დააწესა სპეცდანიშნულების რაზმ "ახმატის" მეთაურის, აპტი ალაუდინოვის წინააღმდეგ


აპტი ალაუდინოვი, სპეცრაზმ "ახმატის" მეთაური, რამზან კადიროვთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირია
აპტი ალაუდინოვი, სპეცრაზმ "ახმატის" მეთაური, რამზან კადიროვთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რიგი რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. სანქციების სიაში მოხვდა ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმ "ახმატის" მეთაური აპტი ალაუდინოვი და ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ყოფილი სრულუფლებიანი წარმომადგენელი უკრაინაში, რამზან ციცულაევი.

ზელენსკის განკარგულებით დამტკიცდა სანქციების ორი სია. ერთში 185 ფიზიკური პირი შედის, მეორეში - 181 იურიდიული პირი. სანქციები დაწესებულია 10 წლის განმავლობაში და ითვალისწინებს ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა აქტივის დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეწყვეტას, უკრაინასა და მის ტერიტორიაზე ტრანზიტის აკრძალვას, პირისთვის ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, უკრაინის საწარმოების პრივატიზაციაში მონაწილეობის აკრძალვას, ფასიანი ქაღალდების ოპერაციების სრულ აკრძალვას და რიგ სხვა შეზღუდვებს.

მიმდინარე წლის ნოემბერში უკრაინამ სანქციები დაუწესა ახმატ კადიროვის სახელობის პოლიციის პოლკის მეთაურს, ზამიდ ჩალაევს, ხოლო აპრილში – ჩეჩნეთის მეთაურის მეოთხე ქალიშვილს, ტაბარიკ კადიროვას. 2022 წელს უკრაინის სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ ადამ დელიმხანოვი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი ჩეჩნეთიდან და მისი სამი ძმა.
გენერალი აპტი ალაუდინოვი, ისევე როგორც ადამ დელიმხანოვი, რამზან კადიროვთან ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება.
თუმცა აპტი ალაუდინოვის მიმართ ყოველთვის ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ ყოფილა.

  • 2019 წელს მას ბრალს სდებდნენ რამზან კადიროვის წინააღმდეგ შეთქმულებაში. ალაუდინოვმა უარყო ყველა ბრალდება. 2014 წელს ალაუდინოვი აშშ-ის სანქციების სიაში შეიყვანეს, ოდნავ მოგვიანებით მას უარი ეთქვა ლატვიაში შესვლაზე. 2020 წელს ალაუდინოვი დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა.
  • ჩეჩნეთში რამზან კადიროვის რეჟიმის კრიტიკოსებმა ადრე განუცხადეს რადიო თავისუფლებას, რომ აპტი ალაუდინოვი უკრაინაში საომრად გაემგზავრა „ცოდვების გამოსასყიდად“.
  • ადამ დელიმხანოვი რუსეთის სახელმწიფო დუმის ოთხი მოწვევის დეპუტატია. დელიმხანოვი იმითაც არის ცნობილი, რომ სადეპუტატო მანდატს უთავსებს უკრაინაში მოქმედი ჩეჩნური გვარდიის, იმავე „კადიროველების“, საქმიანობის კოორდინაციას.
  • უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც მოწმობს, რომ ადამ დელიმხანოვი ქალაქ მარიუპოლის დაპყრობის ოპერაციაში მონაწილეობდა და უშუალოდ ხელმძღვანელობდა კადიროველთა შეტევას ქარხანა „აზოვსტალზე“.
  • 2022 წლის 26 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადამ დელიმხანოვს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG