Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პრიგოჟინის მსგავსად ამნისტიის მეც მეშინია" - აცხადებს სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან


იგორ სტრელკოვი (გირკინი) მოსკოვის სასამართლოში
იგორ სტრელკოვი (გირკინი) მოსკოვის სასამართლოში

დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა იგორ სტრელკოვმა (გირკინმა) საგამოძიებო იზოლატორში მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მან თავისი საქმე შეადარა აგვისტოში დაღუპული კერძო კომპანიის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხს და თქვა, რომ შესაძლოა პრიგოჟინის ბედი გაიზიაროს.

"პრიგოჟინის მოშორებისთვის პასუხისგებაში არავინ მიუციათ. პრეზიდენტმა სპონტანური სიკვდილის ვერსია გაახმოვანა - ამ ვერსიის არ მჯერა", - განუცხადა სტრელკოვმა გაზეთ Baza-ს.

სტრელკოვმა გაიხსენა, რომ ექსტრემიზმის წაქეზების ბრალდებით, იგი „ვაგნერის“ ამბოხებიდან ერთი თვის შემდეგ დააპატიმრეს. ამბოხისა, რომელიც დასრულდა დაქირავებულების მიერ დონის როსტოვის დაკავებით და ვორონეჟის ბლოკადით. "ყველაზე მეტად მეშინია, რომ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის სასჯელის ნაცვლად, მე "ამნისტირებული" ვიქნები, ისევე როგორც „მზარეული“ ["პუტინის მზარეული" პრიგოჟინის მეტსახელია, რომელიც კრემლში ბანკეტების ორგანიზებისთვის მიენიჭა - რედ.]," - თქვა სტრელკოვმა.

დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ყოფილი მეთაური იგორ სტრელკოვი დააკავეს 2023 წლის ივლისის ბოლოს, რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკის გამო, რაშიც გამოძიებამ დაინახა ექსტრემიზმისკენ მოწოდებები.

სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში მინიმუმ 18 დეკემბრამდე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ 7 დეკემბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ექვსი თვით გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობის ვადა. მას ბრალად ედება ექსტრემიზმისკენ საჯაროდ მოწოდება. მანამდე საგამოძიებო იზოლატორში მყოფმა სტრელკოვმა განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას.

ბრალდების მიხედვით, მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კანონის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სტრელკოვი ვერ იყრის კენჭს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა განაჩენის ძალაში შესვლამდე, მას აქვს კანდიდატად დარეგისტრირების უფლება.

რუსეთის ფედერაციის საბჭომ 7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2024 წლის 17 მარტი განსაზღვრა. შესაბამის ბრძანებას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს რუსეთის "კომუნისტური პარტიის" ხელმძღვანელმა გენადი ზიუგანოვმა, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ბორის ნადეჟდინმა, დონეცკის პრორუსი სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა იგორ სტრელკოვმა (გირკინი) და ჟურნალისტმა რჟევიდან ეკატერინა დუნცოვამ. თავისი კანდიდატის წარდგენას გეგმავს პარტია "Новые люди" (ახალი ხალხი).

XS
SM
MD
LG