Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ დრომდე აღსადგენია ერთი წლის წინ ჩამოგრეული გალავნის თაღი სიღნაღში


სიღნაღის გალავანი 2022 წლის 1 დეკემბერს სატვირთო ავტომობილის დაჯახების შედეგად დაზიანდა
სიღნაღის გალავანი 2022 წლის 1 დეკემბერს სატვირთო ავტომობილის დაჯახების შედეგად დაზიანდა

სიღნაღის მერიაში ვერ ამბობენ, როდის აღდგება სიღნაღის ისტორიული გალავნის კარიბჭე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კი ორჯერ ჩაეშალა ამ ნაგებობის აღსადგენად გამოცხადებული ტენდერი. სიღნაღის გალავნის თაღი 2022 წლის 1 დეკემბერს სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაზიანდა. მძღოლი, რომელმაც მე-18 საუკუნეში აშენებული გალავნის თაღი დააზიანა, 250 ლარით დააჯარიმეს.

მეფე ერეკლე მეორის დავალებით აშენებული გალავნის ჩამონგრეული ნაწილი სიღნაღიდან სოფელ ანაგისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. რადიო თავისუფლებამ სცადა გაერკვია, ერთი წლის განმავლობაში რატომ არ აღადგინეს ჩამონგრეული კარიბჭე (თაღი). ჩვენ სიღნაღის მერთან მალხაზ ბეგიაშვილთან ინტერვიუს ჩაწერა გვსურდა, თუმცა ინტერვიუს ნაცვლად მხოლოდ მცირე ინფორმაცია მივიღეთ წერილობით.

"მერიიდან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში გაგზავნილია პროექტი. მათ გამოაცხადეს ორი ტენდერი, თუმცა ეს ტენდერები სამწუხაროდ არ შედგა. მხოლოდ ეს ინფორმაცია შეგვიძლია მოგაწოდოთ".

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სიღნაღში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ციხე-გალავნის რეაბილიტაციაზე ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. პირველი 13 ივნისს, ხოლო მეორე 31 ივლისს ისე დასრულდა, რომ მასში მონაწილეობა არავის მიუღია. მას შემდეგ ტენდერი აღარ გამოცხადებულა.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 29 226 ლარი იყო გათვალისწინებული.

"რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.

სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს", - წერია დოკუმენტაციაში.

სახელმწიფო შესყიდვების ვებსაიტზე ატვირთულია ჩამონგრეული კარიბჭის აღდგენის პროექტიც, რომელზეც შპს "არიშმა" სიღნაღის მერიის დაკვეთით იმუშავა.
სახელმწიფო შესყიდვების ვებსაიტზე ატვირთულია ჩამონგრეული კარიბჭის აღდგენის პროექტიც, რომელზეც შპს "არიშმა" სიღნაღის მერიის დაკვეთით იმუშავა.

2022 წლის 1 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სატვირთო მანქანამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთი თაღი, იგივე კარიბჭე ჩამოანგრია. თბილისიდან აზერბაიჯანისკენ მიმავალი ტრანზიტული სატვირთო ავტომობილი ანაგა-სიღნაღის დამაკავშირებელ 9-კილომეტრიან გზაზე მოხვდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ფრთხილი სვლის შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილი კარიბჭეში გაეტეოდა, თუმცა მძღოლმა ძარა ქვით ნაგებ თაღს გამოსდო და ისტორიული ნაგებობა მთლიანად ჩამოინგრა. თაღს მანამდეც ჰქონდა დაზიანებები, ნაწილი სწორედ სატრანზიტო ავტომანქანებისგან მიყენებული.

ისტორიული წყაროების მიხედვით, სიღნაღის ციხე-გალავანი 1762 წელს მეფე ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით აშენდა. მისი სიგრძე, დაახლოებით, 4 კილომეტრია.

XS
SM
MD
LG