Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისა და პოლონეთის საზღვრის ერთ-ერთ გადასასვლელზე მოძრაობა აღდგა


სატვირთო მანქანები პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე
სატვირთო მანქანები პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე

ორშაბათს აღდგა სატვირთო მანქანების მოძრაობა პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე იაგოდინ-დოროგუსკის გამშვები პუნქტის გავლით, რაც თვეზე მეტხანს იყო ბლოკირებული. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საზოგადოების განვითარების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა. მინისტრის თქმით, ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში, იქ სტაბილურად აღდგა სატვირთო მანქანების მოძრაობა.

კუბრაკოვის სიტყვებიდან გამომდინარე, საზღვრის გადასასვლელის გადაკვეთის განბლოკვა შესაძლებელი გახდა პოლონურ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად. "ეს რთული სამუშაო იყო, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ "საზღვარი მთლიანად უნდა განიბლოკოს". სხვა საგუშაგოები ამ დროისთვის დაბლოკილია. ამავე დროს, TSN-ის უკრაინული გამოცემის თანახმად, დღეიდან, ანუ 11 დეკემბრიდან, მიღწეულია შეთანხმება მათ ეტაპობრივ გახსნაზე.

პოლონელმა გადამზიდავებმა 6 ნოემბერს უკრაინის საზღვარზე სატვირთო მიმოსვლა გადაკეტეს. მათ მოთხოვნებს შორის იყო უკრაინის საერთაშორისო გადამზიდავებისთვის ე.წ. უვიზო სატრანსპორტო რეჟიმის გაუქმება, რომელიც უკრაინულ სატრანსპორტო კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე ოპერირების საშუალებას აძლევდა. პოლონურ გადამზიდავებს, რომლებსაც ევროკავშირში ყველაზე დიდი ავტოპარკი აქვთ, უკრაინულთან კონკურენციის ეშინიათ, აღნიშნავს Forbes-ის უკრაინული გამოშვება. მსგავსი ქმედება შემდგომში ასევე სლოვაკეთ-უკრაინის საზღვარზეც განხორციელდა.

XS
SM
MD
LG