Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა


ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი. 21 სექტემბერი, 2023 წელი
ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი. 21 სექტემბერი, 2023 წელი

11 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

"ბიბისისა" და "ფრანს პრესის" ცნობით, ვაშინგტონის დროით შუადღისას ზელენსკი აშშ-ის დედაქალაქში, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში, გამოვა სიტყვით. ზელენსკიმდე აუდიტორიას მიმართავს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი.

სამშაბათს, 12 დეკემბერს, ზელენსკის თეთრ სახლში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვდება კონგრესის ლიდერებს, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა პალატის ახლახან არჩეულ სპიკერს, მაიკ ჯონსონს.

ზელენსკი ვიზიტით მესამე ჩადის ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. როგორც ტელეკომპანია "სიენენი" აღნიშნავს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზელენსკის ამ ვიზიტით შეიცვალოს ამჟამინდელი მყარი დინამიკა ვაშინგტონში, სადაც რესპუბლიკელებს, თუნდაც მათ, ვინც მხარს უჭერს უკრაინის დამატებით დაფინანსებას, არ სურთ მეტის გაკეთება, თუ დემოკრატები და თეთრი სახლი არ დათანხმდებიან პოლიტიკის ცვლილებას შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე.

რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის 20 თვის განმავლობაში, უკრაინული ძალები ძლიერ იყვნენ დამოკიდებული აშშ-ის ლიდერობით მოქმედ კოალიციაზე, რომელმაც იარაღი მიაწოდა და ასევე ათობით მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური და სოციალური დახმარება გაუწია რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას. მაგრამ ამჟამად ამერიკული დახმარების ნაკადი ახლოს არის ამოწურვასთან, თუ აშშ-ის კონგრესი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტ ბაიდენის წინადადებებს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს კონგრესის წინაშე გამოვიდა. მან მოითხოვა, რომ კონგრესმა უახლოეს ვადებში, საშობაო არდადეგების დაწყებამდე, დაამტკიცოს უკრაინის დახმარების დაფინანსება.

ბაიდენმა განაცხადა, რომ კიევის დახმარებაზე შეთანხმება გადაუდებელი საქმეა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ამ საკითხის გადაჭრის გარეშე შეიძლება სათუო გახდეს უკრაინის დახმარებაზე გადაწყვეტილებების მიღება სხვა მოკავშირეების - ევროპის ქვეყნების, იაპონიისა და სხვა პარტნიორების მიერ.

ოქტომბერში პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა მოთხოვნა საერთაშორისო უსაფრთხოების დასაფინანსებლად, მათ შორის დახმარება უკრაინისა და ისრაელისთვის. საერთო ჯამში მისი მოცულობაა 105 მილიარდი დოლარი, აქედან უკრაინის წილი 60 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა ყოფილიყო.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG