რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მერმა სერგეი კრავჩუკმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გადასცეს სიგელები უკრაინის სიმბოლიკით. ინფორმაცია ამ, როგორც კრავჩუკი უწოდებს, „ინციდენტის“ შესახებ, სოციალური ქსელებით და რუსული მედიით 11 დეკემბერს გავრცელდა. ხაბაროვსკის სამი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის მოწყობილი „პიონერბოლის“ შეჯიბრების მონაწილეებს უკრაინის სიმბოლიკიანი სიგელები გადასცეს.
დღეს, 12 დეკემბერს, ხაბაროვსკის მერმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ბაღის „ფიზიკური კულტურის ინსტრუქტორმა სიგელების ნიმუშები ინტერნეტში იპოვა და ამობეჭდა, საბავშვო ბაღის გამგემ კი ბეჭედი დაუსვა ისე, რომ გამოსახულებისთვის ყურადღება არ მიუქცევია“. კრავჩუკის ინფორმაციით, ინსტრუქტორმა და გამგემ „პასუხისმგებლობა გაიაზრეს“ და სამსახური დატოვეს.
მერი მიიჩნევს, რომ ბავშვები „უნებლიეთ გახდნენ საინფორმაციო ზეწოლის ობიექტები“, რისთვისაც ბავშვებს და მათ მშობლებს ბოდიშს უხდის. ხაბაროვსკის მერმა გადაწყვიტა, რომ ამ „ინციდენტის“ შემდეგ „სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების კოლექტივებში ჩატარდეს დამატებითი ღონისძიებები პატრიოტული აღზრდის ამოცანებისთვის“.