Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა


ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი
ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი

ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანის“ (ახალი აზერბაიჯანი) კანდიდატი იქნება აზერბაიჯანის მოქმედი ლიდერი ილჰამ ალიევი. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ თაირ ბუდაგოვმა განაცხადა.

„მმართველი პარტიის, „ენი აზერბაიჯანის“ კანდიდატი 2024 წლის 7 თებერვლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი იქნება. პარტიის გამგეობა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის დასრულებას აპირებს. შეხვედრის დრო უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - განაცხადა მან.

სააგენტო "აპას" ინფორმაციით, ბუდაგოვმა ასევე თქვა: „წლებია, ყველა ამბობდა, რომ ვინც გაათავისუფლებს ყარაბაღს, ის იქნება ჩვენი მუდმივი პრეზიდენტი. ვფიქრობ, ილჰამ ალიევმა თავისი 20-წლიანი პოლიტიკით, აზერბაიჯანელი ხალხის მსახურებით, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის დაიმსახურა ეს პოსტი. ამ მოსაზრებას მისდევს აზერბაიჯანის ყველა პატრიოტი. (პარტიის) გამგეობის სხდომაზე ყველა თავის აზრსაც გამოთქვამს“.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ილჰამ ალიევმა 7 დეკემბერს გამოაცხადა. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2025 წელს უნდა ყოფილიყო.

  • აზერბაიჯანში პრეზიდენტს შვიდი წლის ვადით ირჩევენ, ეს ცვლილება კონსტიტუციაში 2016 წლის რეფერენდუმის საფუძველზე შევიდა. მანამდე პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იყო.
  • ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2018 წლის 11 აპრილს გაიმართა. თავდაპირველად ის ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არჩევნების თარიღი ალიევმა კენჭისყრამდე თვით ადრე შეცვალა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათი ლიდერები ალიევს თავისუფლებების მოსპობაში, ავტორიტარიზმსა და განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებდნენ.
  • ილჰამ ალიევი პრეზიდენტად პირველად 2003 წელს აირჩიეს, მამის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე. ჰეიდარ ალიევი ქვეყანას 10 წლის განმავლობაში მართავდა. ილჰამ ალიევმა გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტობა ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით იყო შესაძლებელი. შემდეგ კი მან ამ პოსტზე ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაზარდა. პოლიტოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ილჰამ ალიევი ასევე აპირებს თანამდებობა გადასცეს შვილს, ჰეიდარ ალიევ უმცროსს.
  • 2020 წლის თებერვალში აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მმართველმა პარტია „ენი აზერბაიჯანმა“, ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თავმჯდომარეობით, გამარჯვება გამოაცხადა, აზერბაიჯანის ოპოზიციამ კი თქვა, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნების შედეგები და ის არ ასახავს ხალხის ნებას. ბევრ ქალაქში საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს მუშაობას უკრძალავდნენ: გააძევეს ადგილებიდან, აეკრძალათ გადაღება, უბნებზე გადაადგილება და ზოგიერთის მიმართ ძალაც გამოიყენეს.
XS
SM
MD
LG