Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნისთვის "არა ომს", რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ მუხლით


ალსუ კურმაშევა, რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი
ალსუ კურმაშევა, რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი

რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას წინააღმდეგ რუსეთმა სისხლის სამართლის მესამე საქმე აღძრა - ამჯერად რუსეთის არმიის შესახებ "სიყალბის" გავრცელების გამო წიგნისთვის "არა ომს".

წიგნი ალსუ კურმაშევას თანარედაქტორობით რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირულმა სამსახურმა 2022 წლის აგვისტოში გამოსცა. წიგნში თავმოყრილია რუსეთის ვოლგისპირეთის რეგიონის იმ 40 მოქალაქის ისტორიები, რომლებმაც უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ გაილაშქრეს.

კრებული მომზადდა ინტერვიუების საფუძველზე, რომლებიც "Idel. რეალიის“ საიტზე გამოქვეყნდა 2022 წლის მარტიდან აგვისტოს ბოლომდე.

რუსი გამომძიებლების თქმით, ალსუ კურმაშევა, სავარაუდოდ, წიგნის გავრცელებასთან არის დაკავშირებული.

მანამდე, 1 დეკემბერს, ყაზანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და პატიმრობის ვადა ალსუ კურმაშევას ორი თვით, 2024 წლის 5 თებერვლამდე, გაუხანგრძლივა.

  • ალსუ კურმაშევას ბრალი ედება იმაში, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ წარუდგინა თავისი საბუთები „უცხოეთის აგენტთა“ რეესტრში შესაყვანად. ეს ამ მუხლით პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ჟურნალისტის წინააღმდეგ აღიძრა.
  • 26 ოქტომბერს ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ თათრეთის უზენაესმა სასამართლომ ალსუ პატიმრობაში დატოვა.

  • ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია "მემორიალმა" ალსუ კურმაშევა პოლიტპატიმრად აღიარა.
  • ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, „კოალიციამ ქალები ჟურნალისტიკაში“, "ეროვნულმა პრესკლუბმა", "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა" და კიდევ 12-მა ორგანიზაციამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, მიმართეს მოწოდებით, „დაჩქარდეს პროცესი და დაუყოვნებლივ გამოცხადდეს“ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა „არამართლზომიერად დაკავებულად“. ამის შესახებ Idel.реалии იტყობინება.
  • ალსუ კურმაშევას დაკავება დაგმეს კანადის, ჩეხეთის, საფრანგეთის, პოლონეთისა და შვედეთის მთავრობებმა, ასევე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ. ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების ხელშეწყობის პლატფორმამ ალსუს გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG