Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს კლიმატის კონფერენცია გაახანგრძლივეს ზოგიერთი ქვეყნის უარის გამო, ხელი მოეწერათ დასკვნით განცხადებაზე


აქტივისტების საპროტესტო აქცია გაეროს კლიმატის კონფერენციაზე (COP28). დუბაი, 11 დეკემბერი, 2023.
აქტივისტების საპროტესტო აქცია გაეროს კლიმატის კონფერენციაზე (COP28). დუბაი, 11 დეკემბერი, 2023.

გაეროს კლიმატის კონფერენცია (COP28) გაახანგრძლივეს ზოგიერთი ქვეყნის უარის გამო, ხელი მოეწერათ დასკვნით განცხადებაზე.

ასზე მეტი ქვეყანა არ დაეთანხმა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის დასკვნით გეგმას, რომელიც სამიტის თავმჯდომარე ქვეყანამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, წარმოადგინა. წინააღმდეგთა შორის არიან ოკეანიის ქვეყნები, რომელთა არსებობასაც კლიმატის ცვლილება პირდაპირ უქმნის მუქარას, ასევე აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ავსტრალია და ბრაზილია.

კერძოდ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა წარმოადგინა მოქმედების რვა ვარიანტი, რომელთა გამოყენებაც „შეეძლოთ“ ქვეყნებს ემისიის შესამცირებლად. ერთ-ერთი მათგანია „წიაღისეული საწვავის მოხმარებისა და წარმოების შემცირება“, რათა 2050 წლისთვის მიღწეულ იქნეს ემისიის ნულოვანი დონე. წიაღისეული ენერგომატარებლების წვის შედეგად სათბურის გაზების ემისია გლობალური დათბობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.

ქვეყნები, რომლებიც უარს ამბობენ ასეთ გეგმაზე, მოითხოვენ, რომ მასში შეტანილ იქნეს ქვანახშირზე, ნავთობსა და გაზზე „ეტაპობრივი უარის თქმა“. ეს აუცილებელია გლობალური დათბობის 1,5°C-ის ფარგლებში შესანარჩუნებლად, რასაც მეცნიერები კაცობრიობისთვის კრიტიკულად მიიჩნევენ.

გლობალური ტემპერატურის ზრდა ზრდის ამინდის ექსტრემალური მოვლენების სიხშირესა და ინტენსივობას, მათ შორის წყალდიდობების, გვალვების, ტყის ხანძრების, ქარიშხლების, ყინვისა და სიცხის ტალღებისას. სტიქიური უბედურებების გამო იღუპებიან და ზარალი მიადგება ადამიანებსა და ცხოველებს.

Reuters-ის ცნობით, „ეტაპობრივი უარის“ წინააღმდეგ გამოვიდა ქვეყნების ჯგუფი, მათ შორის რუსეთი, ირანი და ერაყი.

ასევე Reuters-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით, რომ საუდის არაბეთი, - რომელიც, ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები, ნავთობის ექსპორტიორთა ჯგუფ OPEC-ის წევრია, - მოითხოვდა, საერთოდ ამოეღოთ დოკუმენტიდან წიაღისეული საწვავის ხსენება. გარდა ამისა, OPEC-ის თავმჯდომარემ, ჰაითამ ალ-ღაისმა, ჯგუფის წევრებს მოუწოდა, უარი თქვან ნებისმიერ წინადადებაზე, რომელიც წიაღისეულ საწვავს შეეხება.

კონფერენციის შედეგებთან დაკავშირებით დასკვნითი განცხადება ყველა ქვეყანამ უნდა მოიწონოს (მათი რაოდენობა 200-მდეა). ამის შემდეგ ქვეყნები მიიღებენ ზომებს მისი რეალიზაციისთვის ეროვნულ დონეზე.

XS
SM
MD
LG