Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებები 286 ათასი ლარი ჯდება


ხარაგაული, საახალწლო დეკორაციები
ხარაგაული, საახალწლო დეკორაციები

ხარაგაულში 2024 წლისთვის საახალწლო ღონისძიებები 286 271 ლარი ჯდება. მომსახურება მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით უნდა შეისყიდონ.

საქსტატის ბოლო მონაცემებით, რომელიც 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობას ასახავს, ხარაგაულში 18,2 ათასი ადამიანი ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ოქტომბრის მონაცემებით კი, მათი 39% - 7161 ადამიანი სოციალურად დაუცველია.

"როგორც წესი, ჩვენ ყოველ წელს ვაკეთებთ საახალწლო ღონისძიებებს. წელსაც იქნება. შეიძლება იყოს უფრო მასშტაბური - იყოს ხარაგაული შესაბამისად მორთული და გვყავდეს ჯგუფები, რომლებიც გაამრავალფეროვნებენ საახალწლო განწყობას. ეს ღონისძიებები იქნება როგორც სოციალურად შეჭირვებულებისთვის, ისე შეუჭირვებელისთვის, ყველას შეეხება..." - ეუბნება რადიო თავისუფლებას კობა ლურსმანაშვილი.

მუნიციპალიტეტს ყველაზე ძვირი დაუჯდება "ღამის შოუს ბენდის" მომსახურება - 26 ათასი ლარი. გასართობ ღონისძიებას გაუძღვება მსახიობი კახა მიქიაშვილი. ამ საღამოსთვის დაიქირავებენ DJ-ის და 15-კაციანი დრამ შოუ გაიმართება.

ხელშეკრულება უნდა დაიდოს კომპანია "რუბიკონ გრუფთან". მან უნდა მოაწყოს საბავშვო აქტივობებიც, დეკორაციები და ინსტალაციები. კომპანიის ხარჯთაღრიცხვიდან იკვეთება, რომ მისი მოგება 5% უნდა იყოს, რაც 11 553 ლარია.

საახალწლო ღონისძიება უნდა გაიმართოს ახალი წლის დადგომამდე ერთი კვირით ადრე, 24 დეკემბერს.

"ის ღონისძიება, რომელიც თქვენ გაინტერესებთ და ჩვენ ვეძახით ძირითად ღონისძიებას, იქნება 24-ში. იმიტომ, რომ ხარაგაულში, როცა რამდენჯერმე გავაკეთეთ 24-ის შემდგომ - 29-ში, 30-ში, 31-ში, საკმაოდ ცივი ზამთარი იცის აქ, მოსახლეობისთვის დისკომფორტი იყო. მთავარი ღონისძიების გარდა გვექნება სხვა ღონისძიებები, მათ შორის ადგილობრივი ჯგუფებით 30-ში და 31-ში..." - ასე ახსნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ღონისძიების 24 დეკემბერს ჩატარების მიზეზი.

კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ისე, როგორც გასულ წლებში, ფინანსურად გაჭირვებული ოჯახები წელსაც მიიღებენ მათგან დახმარებას. წინა წლებისგან განსხვავებით, მათ გადაეცემათ 100-100 ლარი. ამისთვის გამოყოფილი აქვთ 100 000 ლარი, რაც დაახლოებით 1000 ბენეფიციარისთვის სამყოფი თანხაა.

"როდესაც 290 ათას ლარს ვხარჯავთ და ვიღაც ამბობს, რომ "აი, იცი, რა?! - სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან 100 ათასი ლარით", ეს არ არის ასე. ჩვენ 2 100 000 ლარის პაკეტი გვაქვს საბიუჯეტო დაგეგმარების ფარგლებში და მთელი წლის განმავლობაში და იხარჯება სოციალურად დაუცველებზე", - ამბობს მუნიციპალიტეტის მერი.

ოფიციალური სტატისტიკით, მუნიციპალიტეტში 7-ჯერ მეტი სოციალურად დაუცველია, ვიდრე მერიამ გაითვალისწინა საახალწლო საჩუქრების დარიგების დროს. მერის თქმით, მას შემდეგ, რაც "პრემიერის პროგრამა" ამოქმედდა, სოციალურად დაუცველი ადამიანების ნაწილი 300-ლარიან სამსახურებში დასაქმდა.

კობა ლურსმანაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი
კობა ლურსმანაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი

"თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ყველა სოციალურად დაუცველზე გაიცემა?! მაგალითად, სოციალურად დაუცველის სტატუსი რომ აქვს და ხუთი ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, 300 ლარი საბაზისო აქვთ და 300-300 ლარს ხელფასს იღებენ, დასაქმებულები არიან, 1800 ლარი რომ აქვს ხელფასი და ააიპ-ის თანამშრომელს 800 ლარი რომ აქვს, ან 500 ან 300, რომელს უფრო უნდა მივცეთ?!" - ამბობს მერი.

საახალწლო ღონისძიებები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. მათ შორის 30-ზე მეტი მომსახურებას ყიდულობს ტენდერის გარეშე. მათგან ყველაზე ძვირი - თბილისში იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG