Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში განაცხადეს, რომ მოსკოვსა და კალუგის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო


ფოტო არქივიდან. რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით რამდენიმე შეტევა იყო 2023 წლის აგვისტოშიც, მათ შორის საერთაშორისო ბიზნესცენტრის შენობაზე
ფოტო არქივიდან. რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით რამდენიმე შეტევა იყო 2023 წლის აგვისტოშიც, მათ შორის საერთაშორისო ბიზნესცენტრის შენობაზე

დღეს, 14 დეკემბერს, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო მოსკოვსა და კალუგის ოლქზე. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გამთენიისას, ორი საათის განმავლობაში, ტელეგრამ-არხით ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონები მოსკოვამდე არ მიუშვეს და დედაქალაქის მახლობლად, ნარო-ფომინსკში ჩამოაგდეს. სობიანინის მტკიცებით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა.

დილით რუსეთის კალუგის ოლქის გუბერნატორ ვლადისლავ შაპშას ტელეგრამ-არხზეც გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონი ჩამოაგდეს სუხინიჩსკის რაიონში. გუბერნატორის თანახმად, არავინ დაშავებულა და ინფრასტრუქტურა არ დანგრეულა. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია ტრადიციული ფორმულირებით, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით“. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მოსკოვის და კალუგის ოლქებში „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს ცხრა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“.

უკრაინას რუსეთზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

XS
SM
MD
LG