Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, არ "უღალატონ" უკრაინელთა ევროპულ მისწრაფებებს


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 დეკემბერს ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილეებს მოუწოდა, მწვანე შუქი აუნთონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას კიევთან. ზელენსკიმ მათ უთხრა, რომ კენჭისყრის უარყოფითი შედეგი "უღალატებს" უკრაინელთა ევროპულ ოცნებებს და გააძლიერებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.

მოელიან, რომ სამიტზე წამყვანი თემა იქნება კონფლიქტი ევროკავშირის ლიდერებსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შორის, რადგან უნგრეთი ეწინააღმდეგება როგორც უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას, ისე კიევისთვის მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას.

"დღეს ერთ რამეს გთხოვთ - არ უღალატოთ ხალხს და მათ რწმენას ევროპის მიმართ", - მიმართა ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს ვიდეოჩართვის საშუალებით და დასძინა, რომ თუ ბლოკი გადაწყვეტს, არ დაიწყოს კიევთან მოლაპარაკება, ეს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მისცემს ხელს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სამიტის წინ ბრიუსელში მედიას უთხრა, რომ მხარს არ უჭერს კიევთან ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

„ჩვენ შვიდი პირობა დავაწესეთ და (ევროპული ) კომისიის შეფასებითაც კი სამი მათგანი არაა შესრულებული, ამიტომ არავითარი საფუძველი უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად არ არის“, - თქვა ორბანმა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები 14-15 დეკემბერს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საკითხებს, უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას განიხილავენ.

სამიტზე ისინი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში შემდგომ ნაბიჯებსაც განიხილავენ.

გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG