Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არც მწყინს, არც მიხარია" - ზურაბიშვილი მთავრობამ სცენაზე არ აიყვანა


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მთავრობის წარმომადგენლებმა არ მისცეს უფლება, მიემართა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აღნიშნავდა. თუმცა ამის სურვილი რომ ჰქონდა, პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა.

"მე ვიტყოდი ერთ რამეს. მადლობები არ მჭირდება. იმიტომ რომ მადლობა არის ხალხის განწყობა, მიზანმიმართულობა და ერთად ყოფნა. ეს იქნება ჩვენთვის ბევრად მეტი, ვიდრე ერთმანეთში გაცვლილი მადლობები.

ამიტომ არც მწყინს, არც მიხარია. მე მიხარია ის, რაც ხდება აქ, ხალხში. ამ მხიარულებას ვერავინ შემიცვლის. ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აღნიშნეს. ღონისძიება მთავრობის ორგანიზებით გაიმართა.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში სურვილი გამოთქვა, რომ თუკი საშუალება მიეცემოდა, მზად იყო სცენიდან მიემართა მოქალაქეებისთვის.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „რადიკალურ ოპოზიციას“ და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „არაფერი ესაქმებათ“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე.

14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.

XS
SM
MD
LG