Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისთვის დახმარების შემდგომი დაბლოკვის შემთხვევაში ევროკომისია "სამუშაო გადაწყვეტილებას" მოამზადებს - ურზულა ფონ დერ ლაიენი


ურზულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი
ურზულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ კომისია გააგრძელებს მუშაობას უკრაინის პროგრამის ვარიანტებზე იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთის ვეტო შენარჩუნდება. ბლოკის ყველა სახელმწიფოს, უნგრეთის გარდა, აქვს ვალდებულება, რომ ამისთვის თანხები გამოიმუშაოს, - განაცხადა 15 დეკემბერს უზსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს ბოლო სამიტის შედეგების შეჯამებისას.

"ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ 27 წევრი სახელმწიფოს მხრიდან იყოს შეთანხმება, მაგრამ თუ ერთსულოვნებას ვერ შევძლებთ, მაშინ უნდა გვქონდეს სამუშაო გამოსავალი... ალტერნატივები, რომლებსაც ახლა ვიმუშავებთ. უკრაინას სჭირდება თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და საიმედო დაფინანსება. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსა და ინვესტორებისთვის", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა წელს, "უახლოეს დღეებში", მიიღებს 18 მილიარდი ევროს ფინანსური პროგრამის ბოლო ტრანშს, რაც დაეხმარება კიევს თავი გაიტანოს მანამ, სანამ ევროკავშირი შემდგომ ფინანსურ გეგმებს შეიმუშავებდეს.

ამ განცხადების ფონია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მხრიდან ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების დაბლოკვა.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უნდა მიეღოთ ბრიუსელში, სადაც 14 დეკემბერს დაიწყო ევროპული საბჭოს სამიტი.

განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „უკრაინისთვის დამატებით ფულს ვეტო დაადო“ და ამ საკითხს ევროპულ საბჭოში მომავალ წელს, სათანადოდ მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს ისევ განიხილავენ 2024 წლის დასაწყისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG