Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილზე (გუნდიაევი) ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ გამოცემა "Censor.net" უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო ბაზაზე დაყრდნობით იტყობინება.

პატრიარქი კირილი, როგორც უწყების ვებგვერდზე განთავსებული ანკეტიდან ირკვევა, იძებნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის და აგრესიული ომის წარმოებისთვის.

ანკეტაში ასევე მითირებულია ინფორმაცია ძებნილის აღკვეთის ღონისძიების შესახებ და წერია, რომ ის უნდა დააკავონ.

პატრიარქ კირილს ნოემბერში წაუყენეს ბრალი დაუსწრებლად სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:

  • უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა,
  • უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლება,
  • ასევე აგრესიული ომის გაჩაღება და წარმოება.

გამოძიება ირწმუნება, რომ პატრიარქი „რუსეთის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიდა წრის ნაწილია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს“.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ გენერალურ პროკურატურასთან ერთად შეაგროვეს მტკიცებულებები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ და, რომ პატრიარქი კირილი პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებს როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიურ მრევლს, ისე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგებლებს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის მარტში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა მასალა ლიტურგიის შესახებ, რომლის დროსაც პატრიარქმა დალოცა რუსეთის გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა არაერთხელ დაუჭირა მხარი რუსეთის აგრესიას უკრაინაში და 20-წუთიანი ვიდეოლექციაც კი წაუკითხა რომის პაპ ფრანცისკეს, რის შემდეგაც კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა კირილს მოუწოდა, „არ დაცემულიყო ის პუტინის საკურთხევლის ბიჭის დონემდე“.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პატრიარქმა კირილმა წირვა აღავლინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ ტაძარში, ისაუბრა დონბასში მიმდინარე „მეტაფიზიკურ ბრძოლაზე“ და დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლება საეკლესიო განხეთქილების წახალისებაში.

ის ასევე ამტკიცებდა, რომ რუსეთი თავის ისტორიაში არავის დასხმია თავს.

პატრიარქი კირილი დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ჩეხეთის სანქცირებულ პირთა სიაშია. ესტონეთმა და ლიეტუვამ კი მას აუკრძალეს თავიანთ ქვეყნებში შესვლა.

XS
SM
MD
LG