Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის მერიისგან პირველკლასელთა კვების დაფინანსებას მოითხოვს


ხათუნა არველაძე
ხათუნა არველაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხათუნა არველაძე ქალაქის მერისგან პირველკლასელთა კვების დაფინანსებისთვის მილიონ-ნახევარი ლარის გამოყოფას ითხოვს.

16 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ხათუნა არველაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში სწავლობს 2350 პირველკლასელი და მათთვის წელიწადში 161 სასწავლო დღეა:

„თუ თითოეულ მოსწავლეზე დღეში ერთჯერადი რაციონისთვის საჭირო პროდუქტის შესაძენად 4 ლარს გავითვალიწინებთ, ჯამში ეს არის მილიონ 513 ათასი ლარი. გვაქვს წალენჯიხის წარმატებული მაგალითი, სადაც ბავშვები ყოველდღიურად იღებენ 4 ლარს და მშობლები ამ თანხით უზრუნველყოფენ სკოლაში ყოფნის დროს საჭირო საკვების შეძენას“, - აცხადებს არველაძე.

მისივე თქმით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევით, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა, გამოიკვეთა, რომ სკოლის მოსწავლეთა 35% სასწავლო პროცესის დროს განიცდის სრულ შიმშილს, ხოლო 65% ნაწილობრივ შიმშილობს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, 2024 წლის ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯი 23 მილიონ ლარზე მეტია, თვითმმართველობის შენობის შესანახად კი 12 მილიონი ლარი დაიხარჯება, თითოეულ პუნქტში ხარჯი გაზრდილია მილიონი ლარით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან შედარებით.

„ამ ფონზე, რატომ არ შეიძლება, მილიონ-ნახევარი ლარი გამოიყოს ბავშვებისთვის, რომ მათ შეძლონ განათლების მიღება გაუმჯობესებულ პირობებში, ამიტომ ვითხოვთ, მერმა მოიძიოს თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში, რომ პირველკლასელებს ყოველი სასწავლო დღისთვის დაუფინანსდეთ კვება“.

ხათუნა არველაძის განცხადებით, მან ქალაქის მერს 15 ნოემბერს მიმართა განცხადებით და ბიუჯეტიდან საჭირო თანხის გამოყოფა მოითხოვა.

„ქალაქის მერმა გვიპასუხა, რომ საკითხი ეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. თუმცა ვერც ერთ ნორმას ვერ მიგვითითებს საკანონმდებლო ბაზაში, რომლითაც მას აკრძალული აქვს აღნიშნულის განხორციელება“, - ამბობს ხათუნა არველაძე.

ქუთაისის მერიაში რადიო თავისუფლების დამატებით კითხვებს ჯერჯერობით არ პასუხობენ - შაბათს მერია ისვენებს.

XS
SM
MD
LG