Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი დებს პირობას, რომ გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას


Volodimir Zelensky
Volodimir Zelensky

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 დეკემბერს შეხვედრა გამართა სამხედრო მეთაურებთან და გამოვიდა პირობით, რომ გააძლიერებს ქვეყნის საჰაერო თავდაცვას - იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს რაკეტებით და დრონებით შეტევებს უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას დასავლელ პარტნიორებთან, რათა უკრაინას კვლავაც გამოეყოს დახმარება.

"ვემზადებით საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად" - განაცხადა ზელენსკიმ თავის საღამოს გამოსვლაში და დასძინა - "საჰაერო თავდაცვის საკითხი დგება თითქმის ყოველ შეხვედრაზე, მსოფლიოს ლიდერებთან მოლაპარაკებებზე. იქნება მეტი სისტემა, ცის უფრო ძლიერი დაცვა".

ზელენსკის თქმით, მოახლოებული დღესასწაულების ფონზე გაგრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა დახმარების მისაღებად.

"შობა ახლოვდება" - თქვა ზელენსკიმ და დასძინა: "ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობა შესაძლოა შენელდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ყველა პარტნიორთან, რომლებსაც შეუძლიათ ახლა დაგვეხმარონ და მომავალში აღმოგვიჩინონ მხარდაჭერა".

ზელენსკის ახლახან ჰქონდა საერთაშორისო ვიზიტები, მათ შორის არგენტინაში, აშშ-ში, ნორვეგიაში და გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო შტაბ-ბინაში, ის ცდილობს გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა გლობალური ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.

მანამდე ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა აპირებს მხარდაჭერის მობილიზებას და "პარტნიორებთან მუშაობას უკრაინის თავდაცვაში ერთიანობის შესანარჩუნებლად", იმ ფონზე, როცა აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული დახმარება მზარდ წინაღობებს აწყდება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწყებული ომის 22-ე თვეში.

XS
SM
MD
LG