Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილმი "20 დღე მარიუპოლში" "ოსკარის" მოკლე სიაში მოხვდა


აფიშა ფილმისა "20 დღე მარიუპოლში". 20 დეკემბერი, 2023 წელი
აფიშა ფილმისა "20 დღე მარიუპოლში". 20 დეკემბერი, 2023 წელი

უკრაინელი ფოტოჟურნალისტისა და ომის კორესპონდენტის, მსტისლავ ჩერნოვის დოკუმენტური ფილმი "20 დღე მარიუპოლში", რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებზე მოგვითხრობს, ამერიკული კინოპრემიის, "ოსკარის" მოკლე სიის ორ კატეგორიაში მოხვდა.

ამის შესახებ იტყობინება ამერიკული კინოაკადემიის საიტი. ფილმი მოხვდა პრემია "ოსკარის" პრეტენდენტთა სიებში, როგორც საუკეთესო დოკუმენტური ფილმი და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ნომინანტებს 2024 წლის 23 იანვარს გამოაცხადებენ. პრემიების გადაცემა 10 მარტისთვისაა დაგეგმილი.

მსტისლავ ჩერნოვთან ერთად, ფილმზე მუშაობდნენ ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა და პროდიუსერი ვასილისა სტეპანენკო. ისინი მარიუპოლში 24 თებერვალს ჩავიდნენ, როგორც Associated Press-ის კორესპონდენტები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. ჟურნალისტებმა ყველაფერი გადაიღეს, რაც ქალაქში ხდებოდა, მათ შორის, მშვიდობიანი მცხოვრებლების მასობრივი დასაფლავებები, ჰუმანიტარული კატასტროფა ქალაქის ალყის გამო და რუსი სამხედროების ქმედებები. სწორედ მათ უჩვენეს მსოფლიოს მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვის შედეგები.

ჟურნალისტებმა მარიუპოლი მარტის შუა რიცხვებში დატოვეს ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით.

დოკუმენტურ ფილმს ის ვიდეომასალები დაედო საფუძვლად, რომელიც ჩერნოვმა გამოიტანა ქალაქიდან. ჩერნოვმა, მალოლეტკამ და სტეპანენკომ უკვე რამდენიმე საერთაშორისო პრემია მიიღეს ნაშრომისთვის. მათ შორის ჟურნალისტური პრემია Press Freedom Awards 2022 და ღონღაძის სახელობის პრემია. ფილმმა მსტისლავ ჩერნოვს მაყურებელთა სიმპათიის პრიზი მოუტანა "სანდენსის" კინოფესტივალზე 2023 წლის იანვარში და ასევე, "პულიცერის" პრემია. ფილმის "20 დღე მარიუპოლში" ნახვა შესაძლებელია პლატფორმა Votvot-ზე.

XS
SM
MD
LG