Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრემიერი: რუსეთის სპეცსამსახურები ოპოზიციის პროტესტის შესახებ გვაფრთხილებდნენ


აქციის დაშლა ბელგრადში
აქციის დაშლა ბელგრადში

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ რუსული სპეცსამსახურები სერბეთის მთავრობას აფრთხილებდნენ ბელგრადში საპროტესტო აქციების დროს მოსალოდნელ არეულობებზე. წუხელ დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და ოპოზიციას შორის, რომელიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.

„ჩვენ სპეცსამსახურებისგან გვქონდა მონაცემები, რომლებიც ამის შესახებ გვაფრთხილებდნენ. უპირველეს ყოვლისა, რუსული უსაფრთხოების სამსახურმა მოგვაწოდა ეს ინფორმაცია“, - განაცხადა ბრნაბიჩმა.

მისი სიტყვებით, გაფრთხილება მიიღეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რაც არ დაიჯერა არაერთმა ელჩმა (კონტექსტიდან გამომდინარე, იგულისხმებიან დასავლეთის ქვეყნების ელჩები) და სერბეთის ხელისუფლებას ურჩიეს, სანდოდ არ მიეჩნიათ რუსეთის მონაცემები.

მანამდე, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმაც ისაუბრა უცხოური სპეცსამსახურების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელ ქვეყანას გულისხმობდა.

უმსხვილესი ოპოზიციური კოალიცია „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ბელგრადში 24 დეკემბრიდან მართავს საპროტესტო აქციებს. ისინი 17 დეკემბერს გამართული საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ. არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, გაიმარჯვა სერბეთის მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“. ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს ბელგრადის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შედეგსაც.

წუხელ დაპირისპირება მოხდა ოპოზიციისა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის - ოპოზიციის წარმომადგენლებს ქალაქის მერიის აივნიდან აქციის მონაწილეებისთვის მიმართვა სურდათ, სამართალდამცველების შეფასებით კი, ოპოზიციის ქმედებები უკანონო იყო. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა აქციის მონაწილეთა იმ ნაწილის წინააღმდეგ, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეღწევას ცდილობდა.

პოლიციამ დაშალა ბელგრადის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილები, დააკავა აქციის 35 მონაწილე.

ოპოზიციამ ხელისუფლება არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს შორის არიან დაშავებულები.

ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე პოლიციელის, მათ შორის ორის მძიმედ დაშავების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა ბრნაბიჩმა მომხდარს "მაიდანის" მცდელობა უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.

ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც სერბეთის ხელისუფლება ოპოზიციის საპროტესტო აქციებს უარყოფით კონტექსტში ადარებს უკრაინულ "მაიდანთან", რაც ადრე უკრაინის საელჩომაც გააპროტესტა. მან კიევის 2014 წლის საპროტესტო აქციებს, რასაც ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა, უწოდა „უკრაინელი ხალხის ბრძოლა უფლებებისთვის კორუმპირებული და ტოტალიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ“. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება „მაიდანს“ იყენებს დასავლეთის მიერ ხელისუფლების დასამხობად შთაგონებული საპროტესტო აქციების სინონიმად.

17 დეკემბერს სერბეთში ჩატარდა საპარლამენტო, ვოევოდინის ავტონომიური ოლქისა და 65 ადგილობრივი საკანონმდებლო ასამბლეის, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქის, ბელგრადის საკანონმდებლო ასამბლეის ვადამდელი არჩევნები.

ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიასთან“ არსებულმა კოალიციამ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 47% მიიღო. ხმების 23%-ით მეორე ადგილზე გავიდა კოალიცია „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“. მესამე ადგილი, ხმების დაახლოებით 7%-ით, დაიკავა "სერბეთის სოციალისტურმა პარტიამ".

დედაქალაქ ბელგრადში ამომრჩეველთა ხმები დაახლოებით შუაზე გაიყო ორ კოალიციას შორის - დაახლოებით 38% მიიღო საპრეზიდენტო კოალიციამ, 34%-ზე ოდნავ მეტი კი - ოპოზიციამ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) 18 დეკემბერს გამოაცხადა, რომ 17 დეკემბრის არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის გამოვლინდა სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენება და მედიაში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მხარდამჭერების დომინირება. ორგანიზაციის განცხადებაში გაყალბება პირდაპირ არ არის ნახსენები.

შეერთებულმა შტატებმა სერბეთის ხელისუფლებას საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებების გამოძიებისკენ მოუწოდა. სერბეთის ხელისუფლება დარღვევების არსებობას უარყოფს.

XS
SM
MD
LG