Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI: ჟურნალისტებზე ძალადობისა და შევიწროების 45-მდე შემთხვევა დაფიქსირდა 2023 წელს


საილუსტრაციო ფოტო: საქართველოში არსებული ტელევიზიების მიკროფონები
საილუსტრაციო ფოტო: საქართველოში არსებული ტელევიზიების მიკროფონები

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აცხადებს, რომ ისევე როგორც გასულ წლებში, მიმდინარე წელსაც ესხმოდნენ თავს და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წელს 45-მდე ასეთი შემთხვევა გამოვლინდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 14 საქმეზე. აქედან 4 საქმე სასამართლოში გადაიგზავნა, 9-ზე გამოძიება მიმდინარეობს.

რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც მოხვდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშში:

  • ივლისში თბილისში, ტელეკომპანია "ფორმულის" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხნენ არხის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვანს, მიშა მშვილდაძეს. პასუხისგებაში მისცეს ერთი ადამიანი;
  • აგვისტოში, შოვში მომხდარი ტრაგედიისას, ინტერნეტგამოცემა “მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, “წყალში გადაგდებით” დაემუქრა საჯარო მოხელე. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს “არაკაცი” უწოდა;
  • "სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკმაყოფილების წერილით მიმართა საერთაშორისო დონორებს მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა ინტერნეტგამოცემა “OC Media-მ” მას Op-Ed-ის გამოქვეყნებაზე უთხრა უარი";
  • ივლისში “ტელეკომპანია პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილიდან წაიღეს გარე ვინჩესტერი, ძვირადღირებული პირადი ნივთები კი ხელუხლებელი დატოვეს.

ანგარიშში ასევე მოხვდა "მთავარი არხის", "TV პირველის", "ფორმულის" გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმის შემთხვევები.

XS
SM
MD
LG