Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ცნობილი გერმანელი ქართველოლოგი ვინფრიდ ბოედერი


პროფ. ვინფრიდ ბოედერი მეუღლესთან, დორისთან ერთად. ოლდენბურგი, 20 ნოემბერი, 2021.
პროფ. ვინფრიდ ბოედერი მეუღლესთან, დორისთან ერთად. ოლდენბურგი, 20 ნოემბერი, 2021.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი გერმანელი ქართველოლოგი, ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ვინფრიდ ბოედერი.

პროფესორი ბოედერი თანამედროვე უცხოელ ქართველოლოგთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეცნიერი იყო. ის იყო ზოგადი და შედარებითი ენათმეცნიერების სპეციალისტი, იკვლევდა ინდოევროპეისტიკისა და ანგლისტიკის საკითხებს.

ბოედერი 60-იანი წლებიდან დაინტერესდა კავკასიური და ქართველური ენებით. 60-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნდა მისი პირველი ქართველოლოგიური ნაშრომები. 1974 წელს პირველად იმოგზაურა საქართველოში და მას მერე რეგულარულად მონაწილეობდა საქართველოში გამართულ მრავალრიცხოვან სამეცნიერო კონფერენციებში. იყო საზღვარგარეთ ქართველოლოგიის ერთ-ერთი აქტიური პოპულარიზატორი, მისი ინიციატივით კავკასიური ენების კვლევისადმი მიძღვნილი არაერთი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ოლდენბურგის უნივერსიტეტში. მჭიდროდ თანამშრომლობდა პარიზში გამომავალ ქართველოლოგიურ ჟურნალ „ბედი ქართლისასთან“.

70-იანი წლებიდან მოყოლებული ბოედერი სისტემატურად აქვეყნებდა ნაშრომებს ძველი ქართულის, ქართული ენის დიალექტების, სვანურის, მეგრულის, ჩრდილოკავკასიურ ენათა საკითხების შესახებ. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში, ისე გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ავტორიტეტულ სამეცნიერო ორგანოებში.

2002 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ვინფრიდ ბოედერი აირჩია უცხოელ წევრად. 2017 წელს ის აირჩიეს ილიას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.

პროფესორი ვინფრიდ ბოედერი და მისი მეუღლე დორისი წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ როგორც ქართველ კოლეგებს საქართველოში, ასევე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთში აღმოჩენილ ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებს. ამავე დროს ისინი საქართველოში ფართო საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG