Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნიმ პირველი წერილი გამოაქვეყნა ახალი მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან


კოლონიაში, რომელშიც ნავალნი იმყოფება, თავის დროზე სასჯელს იხდიდნენ "იუკოსის" თანამფლობელი პლატონ ლებედევი და უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.
კოლონიაში, რომელშიც ნავალნი იმყოფება, თავის დროზე სასჯელს იხდიდნენ "იუკოსის" თანამფლობელი პლატონ ლებედევი და უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პირველი წერილი სასჯელაღსრულების მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან, რომელიც მდებარეობს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში. იგი ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ კარგად არის. ალექსეი ნავალნი წერილში დეტალურად ჰყვება სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გადაყვანაზე, რომელიც 20 დღე გრძელდებოდა და "საკმაოდ მოსაწყენი იყო".

"მომიყვანეს შაბათს, საღამოს (23 დეკემბერი). მოვყავდი სიფრთხილის ისეთი ზომებით და ისეთი უცნაური მარშრუტით (ვლადიმირი-მოსკოვი-ჩელიაბინსკი-ეკატერინბურგი-კიროვი-ვორკუტა-ხარპი), რომ არ ველოდი, რომ ვინმე აქ იანვრის შუა რიცხვებამდე მიპოვიდა. ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც გუშინ საკნის კარები გაიღო სიტყვებით: "თქვენთან ადვოკატია!“ - წერს ნავალნი.

სოფელი ხარპი, სადაც კოლონია მდებარეობს, დასავლეთ ციმბირის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილშია. იქ ახლა პოლარული ღამეა. მოსკოვთან ოლქს აკავშირებს ვორკუტაზე გამავალი რკინიგზა.

წერილში ნავალნი ასევე საუბრობს კოლონიაში პატიმრობის პირობებზე. კერძოდ, რომ იგი სასეირნოდ გაჰყავთ გვერდით საკანში, რომლის იატაკზე თოვლი დევს, ხოლო პატიმრის საკნის ფანჯარა ღობეს მჭიდროდ ებჯინება.

კოლონიაში, რომელშიც ნავალნი იმყოფება, თავის დროზე სასჯელს იხდიდნენ "იუკოსის" თანამფლობელი პლატონ ლებედევი და უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

სოფელში არის კიდევ ერთი კოლონია სახელწოდებით "პოლარული ბუ" - ეს არის კოლონია მსჯავრდადებულებისთვის, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

ნავალნი ვლადიმირის ოლქში მდებარე კოლონიაში იხდიდა პატიმრობას თაღლითობის ბრალდებით. 2023 წლის სექტემბერში ის, როგორც „გამოუსწორებელი“ პატიმარი, ერთი წლით გადაიყვანეს საკნური ტიპის ერთიან სადგომში - „კოლონიებში სასჯელის ყველაზე მკაცრ შესაძლო სახეობაში“, როგორც თავად წერდა.

პოლიტიკოსი 20-ზე მეტჯერ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში. მიზეზი, მაგალითად, იყო გახსნილი ღილები და ღობის რეცხვაზე უარი.
ნავალნი არ აღიარებს ბრალს, ბევრმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ის პოლიტპატიმრად აღიარა.

XS
SM
MD
LG