Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმია აცხადებს, რომ გადაინაცვლა მარინკის გარეუბნებისკენ, მოსკოვი ქალაქის დაკავებაზე ცოტა ხნის წინ იტყობინებოდა


ხედი დრონიდან ქალაქ მარინკაზე, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაანგრიეს. 25 დეკემბერი. 2023 წელი
ხედი დრონიდან ქალაქ მარინკაზე, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაანგრიეს. 25 დეკემბერი. 2023 წელი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა 26 დეკემბერს თქვა, რომ უკრაინის ჯარებმა გადაინაცვლეს ქალაქ მარინკის გარეუბნებისკენ. მოსკოვმა 25 დეკემბერს გამოაცხადა, რომ დაიკავა ეს ქალაქი.

გენერალი ვალერი ზალუჟნი თვლის, რომ არაფერია „რეზონანსული“ იმაში, რომ უკრაინის ჯარებმა გადაინაცვლეს იმ ქალაქის გარეუბნისკენ, რომელსაც ქუჩა-ქუჩა ანადგურებდნენ რუსი სამხედროები ორი წლის განმავალობაში.

შეკითხვაზე, მართლა დაიკავეს თუ არა რუსებმა მარინკა, ზალუჟნიმ 26 დეკემბერს თქვა, რომ „ვითარება ზუსტად ისეთივეა, როგორც ბახმუტში იყო. ქალაქი ნადგურდება ქუჩა- ქუჩა, კვარტალ-კვარტალ და ამის შემდეგ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ეს ომია და ამიტომ იმაში, რომ ჩვენ ახლა ქალაქის გარეუბნებისკენ გადავედით და ზოგან ქალაქის გარეთაც დავიკავეთ პოზიციები, არაფერია ისეთი, რასაც საზოგადოებრივი რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს. ომი, სამწუხაროდ, ასეთია“, - თქვა ზალუჟნიმ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის მიწის ყოველი გოჯი, „ მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე“.

ქალაქის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ საუბრისას მათ თქვა, რომ "ქალაქი აღარ არსებობს".

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 25 დეკემბერს მოახსენა, რომ რუსეთის ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაზე. შოიგუს თქმით, მარინკის დაკავებამ შესაძლებელი გახადა უკრაინის არტილერიის დონეცკიდან მოშორებით გადასროლა. პუტინმა ამაზე თქვა, რომ რუსეთის სამხედროებს "მიეცემათ უფრო ფართო საოპერაციო სივრცეში გასვლის შესაძლებლობა".

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა განცხადებების გადამოწმება არ ხერხდება.

მარინკა მდებარეობს დონეცკიდან 10-მდე კილომეტრის მოშორებით, სამხრეთ-დასავლეთით. 2022 წელს იქ ცხრა ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წელს ქალაქი მოხვდა უკრაინის არმიასა და თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სეპარატისტებს შორის საომარი მოქმედებების ზონაში. 2022 წლიდან მარინკის არეალებში ინტენსიური შეტაკებებია რუსეთის არმიასა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის. ქალაქი თითქმის სრულად დანგრეულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG