თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ 26 დეკემბერს დაამტკიცა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია დასავლური ალიანსის გაფართოებისკენ 19-თვიანი შეფერხების შემდეგ.
ამ დროის განმავლობაში ანკარა სტოკჰოლმისგან ტერორიზმთან დაკავშირებულ დათმობებს ითხოვდა. შემდეგი ნაბიჯი, როგორც Reuters-ი იტყობინება, სრული საპარლამენტო კენჭისყრაა, რომელზეც საკითხის დადებითად გადაწყვეტას მოელიან.
შემდეგ კანონს ხელს მოაწერს ერდოანი და ამგვარად, დაასრულებს პროცესს, რომელმაც იმედი გაუცრუა ანკარის ზოგიერთ მოკავშირეს და გამოცდა მოუწყო დასავლეთთან მის კავშირებს.
თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პარლამენტის გენერალურ ასამბლეაში არ უნდა ველოდოთ შვედეთის განაცხადზე სწრაფ კენჭისყრას.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანება შარშან მოითხოვეს. ნატოს წევრმა თურქეთმა ფინეთის საკითხი დაამტკიცა, მაგრამ უარყოფითად შეხვდა შვედეთის განაცხადს - თურქეთის თანახმად, სტოკჰოლმი იცავს ორგანიზაციებს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.
მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის ნატოში წევრობის რატიფიცირება არც უნგრეთმა მოახდინა, მთავარ დაბრკოლებად თურქეთი განიხილება.