Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა


საპროტესტო აქცია სოხუმში
საპროტესტო აქცია სოხუმში

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა გამთენიისას მოახდინა „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა. ამის შესახებ დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ლაშა აშუბამ აცნობა „პარლამენტის“ შენობასთან 26 დეკემბრის საღამოდან შეკრებილ ხალხს, რომელიც შეთანხმების რატიფიცირებას ეწინააღმდეგებოდა.

„ყველანი ვღელავდით ამ ვითარების გამო. პარლამენტის დეპუტატებიც ძალიან განიცდიდნენ. დღეს ჩვენ რამდენიმე დელეგაცია მივიღეთ, ამ შეთანხმების მიღების რამდენიმე შესაძლებლობა განვიხილეთ რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის. პირველი საკითხი დაკავშირებულია კოორდინაციასთან, რუსეთის მხარის მიერ იყო მიღებული და ჩვენ ჩაგვბარდა, დარჩა „მესამე პირებთან“ დაკავშირებული საკითხი. შედგა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შესაბამისი შეხვედრა, რომელზეც ჩვენ კონსენსუსზე დამყარებული დოკუმენტი მივიღეთ. ესენია ცვლილებები შესაბამის კანონებში, საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ კანონში, სამოქალაქო კოდექსში და სპეციალურ კონსტიტუციურ კანონში, რომელიც კონკრეტულად სახელმწიფო აგარაკის გადაცემას შეეხება. მასში მითითებულია, რომ ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში, ხელშეკრულება უქმდება და საკუთრება უბრუნდება აფხაზეთის რესპუბლიკას, ასეთი გადაწყვეტილება განიხილეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე“, - თქვა აშუბამ.

მისი სიტყვებით, ამ გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ ჩაერთო "პარლამენტი" საკითხის განხილვაში.

„დეპუტატებს არ სურდათ კენჭისყრა მხოლოდ შეცვლილ კოორდინატებზე, მოგვიანებით მივიდნენ კონსენსუსამდე, რომ დეპუტატები ხმას მისცემდნენ შეთანხმებას შეცვლილი კოორდინატებით და იმ პირობით, რომ ობიექტის მესამე მხარისთვის გადაცემა იქნება დაუშვებელი. რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც 28 დეპუტატი ესწრებოდა, სამი კანონი მივიღეთ და 26 ხმით მოვახდინეთ შეთანხმების რატიფიცირება ( დე ფაქტო პარლამენტში სულ 35 დეპუტატია - რედ.). ყველა დოკუმენტი მივიღეთ პირველი, მეორე და მესამე, დასკვნითი მოსმენით“, - დასძინა მან.

ე.წ. პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ.

ოპოზიციონერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს. ყოფილი "ომბუდსმენის", ასიდა შაკრილის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმურია.

„მოხდა ყველაზე საშინელი, რასაც მოველოდით, დეპუტატებმა უგულებელყვეს აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, ქვეყნის კანონები, დაარღვიეს კონსტიტუცია და კანონები. მათ დაარღვიეს ყველაფერი, რისი დარღვევაც შეიძლებოდა. პარლამენტის წევრებმა უნდა დაასაბუთონ, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომის ღამით ჩატარების შესახებ. მათ უნდა დაესაბუთებინათ ამ სხდომის კანონიერება“, - უთხრა შაკრილმა ჟურნალისტებს.

მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ შეთანხმებაში ყველა საჭირო ტექნიკური შესწორება განხორციელდა „რუსეთისა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ნოტების გაცვლის გზით“, რაც, მისი თქმით, „შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ზოგად ნორმებს, ასევე ვენის 1969 წლის 23 მაისის კონვენციას საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“.

რუსეთის ე.წ. ელჩმა მიხეილ შურგალინმა განაცხადა, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციისთვის იმ მიწის გადაცემას, რომელზეც ობიექტი მდებარეობს.

„ტერიტორია იჯარით არის გაცემული 49 წლით. საკუთრებაში გადავა მხოლოდ შენობები, რომელთა მოვლა-შეკეთებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური განახორციელებს“, - განაცხადა დიპლომატმა.

მისი თქმით, „მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ობიექტი ასოცირდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელმაც არაერთხელ გამართა სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო აგარაკში, ასევე - საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან“.

"აფსნიპრესის" თანახმად, შეთანხმების რატიფიცირებას 28 ე.წ დეპუტატიდან 26-მა დაუჭირა მხარი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის მოწინააღმდეგეებმა შეკრება 26 დეკემბრის საღამოს დაიწყეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საკითხის განხილვა 28 დეკემბრის ნაცვლად, 27 დეკემბერს გადაწყდა.

  • 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული „ობიექტი“ ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
  • რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს.
  • რუსეთის მხარეს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
  • დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.
  • მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
  • ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.
  • ოპოზიციონერებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მოითხოვეს, რომ ე.წ. პარლამენტს არ მოეხდინა დოკუმენტის რატიფიცირება და "აფხაზეთის ლიდერს" შეთანხმება გაეწვია.
  • რუსეთისთვის ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხზე კომენტარი გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ. მისი თქმით, საკითხის განხილვასთან თანმდევმა საინფორმაციო გაშუქებამ "ზიანი მიაყენა აფხაზურ-რუსულ დიალოგს. რუსეთი კი, მისი თქმით, „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვია“. „თუ რუსეთთან ურთიერთობა დავკარგეთ, დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას“, - აღნიშნა არძინბამ.
  • საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას "არალეგიტიმურს უწოდებს". მანამდე მან მიმდინარე პროცესს "რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმა" უწოდა, დაგმო ის და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდა.
  • ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეაგირებისკენ სამოქალაქო სექტორმა და პარლამენტის ცალკეულმა დეპუტატებმაც მოუწოდეს.
  • გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გონივრული პოლიტიკით „გააერთიანებენ ქვეყანას“. პოლიტიკოსებს კი მან მოუწოდა, რომ ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხა საჭირო არ არის.

XS
SM
MD
LG