Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვანის მშობიარობის შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო


საილუსტრაციო ფოტო: პოლიციის ავტომობილი
საილუსტრაციო ფოტო: პოლიციის ავტომობილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის რაიონულმა სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 26 დეკემბერს შიდა ქართლის ერთ-ერთ კლინიკაში 15 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გოგო კლინიკაში შიდა ქართლის დედათა და ბავშვთა ერთ-ერთი თავშესაფრიდან გადაიყვანეს. გოგო სწორედ ამ თავშესაფარში ცხოვრობდა. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა თავშესაფრის ხელმძღვანელმა, თუმცა დამატებით კითხვებზე პასუხის მისაღებად სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გადაგვამისამართა.

რადიო თავისუფლება სოციალური მომსახურების სააგენტოსგან ელის ინფორმაციას შემდეგ კითხვებზე: როდის და რა გარემოებებში მოხვდა გოგო თავშესაფარში? თავშესაფარში მოხვედრამდე, სად და რა ინფორმაციის საფუძველზე მიაკვლია მას სააგენტომ? იცოდა თუ არა სააგენტომ მოზარდის ორსულობის შესახებ და რა ღონისძიებებს მიმართა? სად იმყოფებიან ამჟამად არასრულწლოვანი და მისი ჩვილი?

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგო წარმოშობით შიდა ქართლიდანაა, ბავშვის 26 წლის, სავარაუდო მამა კი კახეთიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან.

წყაროს ინფორმაციით, გოგოს ოჯახი გასულ წელს კახეთში დღიურ სამუშაოებზე ჩავიდა, სადაც სახლი იქირავეს და არასრულწლოვანმა 26 წლის კაცი იქ გაიცნო.

გოგოს ოჯახის წევრები მედიასთან ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, კაცის დედა კი ჟურნალისტებთან პირად საუბარში ადასტურებს, რომ მისი შვილი არასრულწლოვანთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო.

„მაშინვე შევატყობინე პოლიციას და სოციალურ სამსახურს, როცა სავარაუდო სექსუალური კავშირის შესახებ გავიგე. მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან გოგო არასრულწლოვანი იყო. სოციალურმა სამსახურმა გოგო გადაიყვანა თავშესაფარში და მას შემდეგ ჩვენ არაფერი ვიცით“, - ამბობს კაცის დედა.

არსებული ინფორმაციით, 26 წლის კაცი პოლიციას ჯერჯერობით არ გამოუკითხავს და არც დაუკავებია.

რადიო თავისუფლება დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც.

საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინება. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. მხოლოდ ერთ წლის განმავლობაში, 2017 წლამდე, არსებობდა ასევე ჩანაწერი სამოქალაქო კოდექსში, რომ 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. 2017 წლის პირველი იანვრიდან ეს მუხლი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ანუ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე მოზარდი თავის სრულწლოვან პარტნიორთან მხოლოდ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფება და არა ქორწინებაში.

ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში ითვლება მძიმე დანაშაულად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე.

XS
SM
MD
LG