Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში კულტურის სფეროს 50-ზე მეტმა წარმომადგენელმა მხარდაჭერა გამოუცხადა ჟერარ დეპარდიეს


ჟერარ დეპარდიე, ფრანგი მსახიობი
ჟერარ დეპარდიე, ფრანგი მსახიობი

კულტურის სფეროს 50-ზე მეტმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს მხარდასაჭერ წერილს. გაუპატიურებასა და ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპარდიეს მხარდამჭერი წერილი გამოქვეყნდა გამოცემაში Le Figaro-ში. მას ხელს აწერენ მსახიობი პიერ რიშარი, მომღერალი, მოდელი და საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი, მსახიობები კაროლ ბუკე და ემანუელ სენიე, ასევე ბრიტანელი მსახიობი შარლოტ რემპლინგი და სხვები. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხელმომწერთა ნახევარს შეადგენენ ქალები.

წერილში ნათქვამია, რომ დეპარდიე, რომელსაც 27 დეკემბერს 75 წელი უსრულდება, ექვემდებარება "ლინჩის წესით გასამართლებას", რაც წინააღმდეგობაში მოდის უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპთან. ხელმომწერები ასევე აცხადებენ, რომ "დეპარდიე შესაძლოა უდიდესი მსახიობი იყოს", "საფრანგეთი მისგან დიდადაა დავალებული", "როცა ხალხი ჟერარ დეპარდიეს ამ ფორმით ესხმის თავს, ისინი ხელოვნებას ესხმიან თავს".

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დეპარდიეს წინააღმდეგ მიმდინარე საჯარო კამპანიას "მოშხამვა" უწოდა.

უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს სასამართლო დეპარდიესა და მსახიობ შარლოტ არნუს შორის, რომელიც დეპარდიეს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. გარდა ამის, 12-ზე მეტმა ქალმა დეპარდიეს ბრალი დასდო სექსუალურ ძალადობაში, თუმცა ამის შესახებ მათ პოლიციაში ჯერ არ განუცხადებიათ.

დეპარდიეს გარშემო მორიგი სკანდალი დაიწყო ტელეარხ France 2-ის ეთერში დოკუმენტური ფილმის გასვლის შემდეგ - ფილმი ასახავს მსახიობის გადაღებაზე გამგზავრებას ჩრდილოეთ კორეაში, რომლის დროსაც ის უპატივცემულო, ვულგარული და სექსისტური განცხადებებით გამოდის ქალების მისამართით.

ამ ბრალდებების ფონზე, დეპარდიეს შესაძლოა ჩამოართვან საპატიო ლეგიონის ორდენი. შესაბამისმა უწყებამ უკვე დაიწყო სათანადო პროცედურა.

XS
SM
MD
LG