Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპერის გაფიცული თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს


ოპერის თანამშრომლების გაფიცვა, 3 ნოემბერი, 2023 წ.
ოპერის თანამშრომლების გაფიცვა, 3 ნოემბერი, 2023 წ.

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს ინფორმაციას ოპერის გაფიცული თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. 17 თანამშრომელი, რომლებიც 53 დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები, სამსახურიდან ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი მაისურაძის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ. ამავე ბრძანებაში ნათქვამია, რომ ოპერამ უკვე აიყვანა მათ ნაცვლად ახალი თანამშრომლები, ვინაიდან თეატრში აქტიური სეზონი მიმდინარეობს, გასამართია სპექტაკლების პრემიერები და გაფიცვით ხელი ეშლებოდა თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას. პროფკავშირების ცნობით, გაფიცულმა თანამშრომლებმა ოპერის ხელმძღვანელს 25 დეკემბერს აცნობეს გაფიცვის შეწყვეტის შესახებ და მიმართეს წერილით, სადაც ნათქვამი იყო, რომ 26 დეკემბრიდან ისინი ჩვეულებრივად შეძლებდნენ მუშაობის გაგრძელებას.

"ჩვენ მივაღწიეთ ხელფასების 40%-იან ზრდას და შრომის ინსპექციის შესვლას ოპერაში, რაც დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობის გამოსწორების საწინდრად მივიჩნიეთ, ამიტომ გაფიცულებმა ჩათვალეს, რომ გაფიცვის საფუძველი ამოიწურა და გადაწყვიტეს სამუშაო ადგილზე დაბრუნება. პროცედურის დაცვით, ჩვენ ოპერის ადმინისტრაციას ვაცნობეთ ამის შესახებ, თუმცა ოპერაში დასაქმებულებს ადმინისტრაცია კანონდარღვევით არ უშვებდა, დღეს კი გვაცნობეს, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეს არის გაუგონარი, ანტიკონსტიტუციური უკანონობა", - წერს ფეისბუკზე პროფკავშირების დამფუძნებელი ნიკოლოზ წიქარიძე. მისი თქმით, გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას უკვე სასამართლოში გააგრძელებენ ოპერის წინააღმდეგ.

ოპერის ადმინისტრაციას არც თანამშრომელთა გაფიცვასა და არც მათ გათავისუფლებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ 3 ნოემბერს, გაფიცვის პირველ დღეს გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელფასების 100%-იანი ზრდის რესურსი ოპერას არ აქვს, თუმცა მომვალი წლიდან იგეგმება ბიუჯეტის ზრდა, რაც ხელფასის 35-40%-იან მატებასაც გამოიწვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG