Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ცნობებით, გემ „ნოვოჩერკასკზე“ 74 რუსი მეზღვაური დაიღუპა - მედია


ხანძარი ანექსირებული ფეოდოსიის პორტში, აფეთქების შემდეგ. 26 დეკემბერი, 2023 წელი.
ხანძარი ანექსირებული ფეოდოსიის პორტში, აფეთქების შემდეგ. 26 დეკემბერი, 2023 წელი.

74 რუსი მეზღვაური დაიღუპა და კიდევ 74 დაშავდა - სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკზე“ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ანექსირებული ფეოდოსიის პორტში. ამის შესახებ დაწერეს ანექსირებულ ყირიმში მოქმედმა პორტალებმა ("Новости Севастополя" და "Независимое телевидение Севастополя") - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურზე დაყრდნობით. როგორც იუწყებიან, მოგვიანებით, ორივე პუბლიკაცია წაშალეს.

გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ცნობაში ნათქვამი იყო, რომ ანექსირებულ სევასტოპოლში რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალი, ადმირალი ნიკოლაი ევმენოვი 2-დღიანი გლოვის ინიციატივით გამოვიდა.

74 რუსი მეზღვაურის დაღუპვის შესახებ წერს უკრაინული „ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი“. მათი ინფორმაცია ეყრდნობა ევმენოვის წერილს, რომელიც თითქოს „კიბერწინააღმდეგობის“ აქტივისტებს აქვთ.

ძლიერი აფეთქების ამსახველი კადრების საჯარო სივრცეში გამოქვეყნების მიუხედავად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია ცნობები სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკზე“ დაღუპული სამხედროების შესახებ.

მანამდე, ტელეგრამარხი „ასტრა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, სულ მცირე, 33 რუსი მეზღვაურის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ.

გემ „ნოვოჩერკასკის“ ეკიპაჟი, სრული საშტატო განრიგით, 98 წევრისგან შედგება.

ანექსირებული ფეოდოსიის პორტში 26 დეკემბერს მომხდარი აფეთქების ძალა შეაფასეს „ნოვოჩერკასკის“ ლითონის კარკასის დიდი ფრაგმენტებით, რომლებიც, ტელეკომპანია „ყირიმი ვესტის“ საინფორმაციო სიუჟეტის მიხედვით, შორ მანძილზე მიმოიფანტა.

უკრაინა კი აცხადებს, რომ გემი განადგურდა და „ნოვოჩერკასკმა“ მეორე სადესანტო ხომალდ „მოსკვის“ ბედი გაიზიარა.

რუსეთის ხელისუფლებამ მრავალსაათიანი დუმილის შემდეგ დაადასტურა რუსეთის დიდ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე" უკრაინული ავიაციის სარაკეტო იერიში, რამაც, რუსეთის სამხედრო უწყების მტკიცებით, ხომალდი მხოლოდ დააზიანა.

XS
SM
MD
LG