Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 189 პირი


საილუსტრაციო ფოტო: შეიარაღებული პოლიციელი სტამბოლის აეროპორტში პატრულირებს ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. 29 ივნისი, 2016.
საილუსტრაციო ფოტო: შეიარაღებული პოლიციელი სტამბოლის აეროპორტში პატრულირებს ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. 29 ივნისი, 2016.

თურქეთის პოლიციამ დააპატიმრა 189 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში.

დაკავებამდე ერთი დღით ადრე ანკარამ განაცხადა, რომ ჩაშალა თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაგეგმილი თავდასხმები სინაგოგებსა და ეკლესიებზე. თურქეთში წარსულში ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული რამდენიმე სასიკვდილო ტერაქტი მოხდა.

პოლიციამ რეიდები ჩაატარა სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში, ასევე ზოგიერთ სხვა ქალაქში. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი ერლიკაია იტყობინება. სოცქსელ X-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას მან დაურთო სავარაუდო ექსტრემისტების ფოტოები. მათ ღამის რეიდების დროს ხელბორკილებს ადებენ.

გუშინ თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 32 პირი. ისინი სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ერაყის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზებაში.

როგორც სააგენტო dpa იტყობინება, დაკავებულთა მოქალაქეობა და სავარაუდო თავდასხმების გეგმების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა 2017 წელს სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმისთვის, რომელსაც 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა წინასაახალწლო პერიოდში. მას მერე ანკარა რეგულარულად ახორციელებს რეიდებს „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG