Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტმა მოიწონა ისრაელისთვის იარაღის ახალი პარტიის მიყიდვა


ისრაელის არმიის ინფორმაციით, ამ ფოტოზე გამოსახული ისრაელის ჯარისკაცები ღაზის სექტორში არიან გადაღებული 2023 წ. 24 დეკემბერს.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, ამ ფოტოზე გამოსახული ისრაელის ჯარისკაცები ღაზის სექტორში არიან გადაღებული 2023 წ. 24 დეკემბერს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოიწონა ისრაელისთვის მილიონობით დოლარის ღირებულების იარაღის ახალი პარტიის მიყიდვა კონგრესისთვის გვერდის ავლით.

უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს ცნობაში, რომელიც პენტაგონის შემადგენლობაში შედის, ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამის გამართლებად დაასახელა „საგანგებო ვითარება“. გარემოებები მოითხოვს, რომ ისრაელის სახელმწიფოს სასწრაფოდ მიეყიდოს 147,5 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა. როგორც აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს ამერიკელ კანონმდებელთა წინასწარ თანხმობას.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ამ ზომებს იღებენ შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

9 დეკემბერს ბლინკენმა ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ისრაელთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს ებრძვის. ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა აშშ-სა და ევროკავშირში.

უკანასკნელ დღეებში ისრაელის სამხედროები ტანკებიდან და ჰაერიდან ბომბავდნენ ჯიჰადისტების პოზიციებს ღაზის სექტორის სამხრეთში, ხან-იუნისში. ისრაელი ამ ტერიტორიას ჰამასის მებრძოლთა დასაყრდენს უწოდებს.

ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე იტყობინებიან, რომ დარტყმები განხორციელდა სექტორის სხვა ნაწილებში და „ათობით ტერორისტი“ დაიღუპა ქალაქ ღაზაში.

ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ჯანდაცვის უწყება იტყობინება, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად უკანასკნელ დღე-ღამეში დაიღუპა 187 პალესტინელი, რამაც მსხვერპლის საერთო რაოდენობა 21507-მდე გაზარდა. ეს ღაზის მოსახლეობის დაახლოებით ერთი პროცენტია.

ისრაელის მიერ საბრძოლო მოქმედებების გაფართოებასთან ერთად ათობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, მიეტოვებინა სახლ-კარი. მოსახლეობის მასობრივი გადაადგილების გამო გაძლიერდა დაავადებების გავრცელება. თავშესაფრები გადავსებულია, არ მოიპოვება საკმარისი მედიკამენტები, პირადი ჰიგიენის შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდულია, ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, ნათელყოფს გაეროს ანგარიშები.

საერთაშორისო ორგანიზაციები ასევე მიუთითებენ, რომ დახმარების მოცულობა, რომელიც ღაზაში ჩააქვთ, „უკიდურესად არასაკმარისია“. მართალია ისრაელი ამტკიცებს, რომ არ ზღუდავს დახმარების მიწოდებას, მაგრამ პრობლემებია მის განაწილებაში, იტყობინება BBC.

ისრაელის არმიამ ჰამასის პოტენციალის ლიკვიდაციის მიზნით ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ექსტრემისტული ორგანიზაცია 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელს. ამ თავდასხმისას ისრაელში დაიღუპა 1200-მდე ადამიანი, მათ შორის 850 სამოქალაქო პირი. ჯიჰადისტებმა 250-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG