Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა


ბელგოროდი უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო იერიშის შემდეგ. 30 დეკემბერი, 2023.
ბელგოროდი უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო იერიშის შემდეგ. 30 დეკემბერი, 2023.

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში 30 დეკემბერს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იტყობინება. უკანასკნელი მონაცემებით, დაჭრილია 108 ადამიანი. 25 ადამიანი მძიმე ტრავმებით მოათავსეს ფედერალურ საავადმყოფოებში.

დაზიანებულია 37 მრავალსართულიანი სახლი, 450-ზე მეტი ბინა, რამდენიმე კერძო სახლი და 50-ზე მეტი ავტომობილი.

სარაკეტო იერიშის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობდა ორიათასი ადამიანი, მათ შორის მოხალისეები, წერს გუბერნატორი.

31 დეკემბერს დილით ბელგოროდში საჰაერო განგაშის სიგნალი გაისმა. მოსახლეობას მოუწოდეს, რომ აუცილებელია საცავებში ჩასვლა.

რუსეთის ზოგიერთმა ქალაქმა ბელგოროდის მიმართ სოლიდარობის ნიშნად გააუქმა საახალწლო ფეიერვერკები.

გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც მოსკოვის მოთხოვნით გაიმართა, მიუღებელი უწოდა რუსეთისა და უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ იერიშებს.

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ დასავლეთის ქვეყნებს „ბოროტმოქმედების თანამონაწილეები“ უწოდა. დასავლეთის ქვეყნებმა სხდომაზე უკუაგდეს მოსკოვის მხრიდან ბრალდებები და აღნიშნეს, რომ ბელგოროდში მსხვერპლი არ იქნებოდა, რუსეთს რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არ დაეწყო.

ნებენზიას თქმით, რაც უფრო მეტად დაემუქრებიან რუსეთს, მით უფრო მკვეთრი იქნება ამაზე მისი რეაქცია.

უკრაინის ჯარებს ბელგოროდზე იერიშის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. სპეცსამსახურებში „უკრაინსკა პრავდის“ წყარო აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს სამხედრო ობიექტებზე, მაგრამ რუსეთის საჰაერო თავდაცვის შეცდომების გამო რაკეტების ნამსხვრევები ქალაქის ცენტრში ჩამოცვივდა.

29 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელეს ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული. დაიღუპა 40-მდე ადამიანი.

30 დეკემბერს ღამით მთელს უკრაინაში ისმოდა საჰაერო განგაში. ხარკოვის ოლქში იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ქალაქ ხარკოვში 30 დეკემბერს საღამოს განხორციელებული დარტყმის შედეგად 30-მდე ადამიანი დაიჭრა. 31 დეკემბერს დრონების ახალი იერიშის შედეგად დაზიანდა ბანკის განყოფილება, საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხარკოვის დაბომბვა ბელგოროდზე იერიშის პასუხი იყო. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმა განხორციელდა სასტუმრო Kharkiv Palace-ზე, მასში თითქოს იმყოფებოდნენ უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „ბელგოროდში ტერაქტის დაგეგმვასა და განხორციელებაში“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დარტყმები განხორციელდა ფორმირება „მემარჯვენე სექტორის“ დროებითი დისლოკაციის პუნქტზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის ცენტრზე, საწვავის ბაზებზე ხარკოვსა და ზაპოროჟიეში.

თავის მხრივ ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი 30 დეკემბრის ანგარიშში იტყობინებოდა, რომ პარასკევს ღამით 70-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო-სამრეწველო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვის, ბელგოროდის, ტულის, ტვერისა და ბრიანსკის მახლობლად მდებარეობს. ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დიდი ალბათობით, შერჩეული სამიზნეებიდან ბევრი გაანადგურეს.

სამხედრო მოქმედებების პირობებში შეუძლებელია მებრძოლი მხარეების განცხადებების სისწორის შემოწმება.

მთლიანობაში, 2022 წლის თებერვლიდან მოკიდებული, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გაეროს მონაცემებით, უკრაინაში დაიღუპა 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულთა რეალური რიცხვი, როგორც ჩანს, უფრო მეტია. რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG