Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი დასაშვებად მიიჩნევს დამნაშავეების ნათესავების დახოცვას


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა დასაშვებად მიიჩნია დანაშაულისთვის ძებნილი ადამიანების ნათესავების მკვლელობა. ეს მან განაცხადა ჩეჩნეთში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსული გვარდიის თანამშრომლებთან საახალწლო შეხვედრაზე.

შეხვედრის ვიდეოჩანაწერზე ყურადღება ტელეგრამის არხმა „სააგენტომ“ გაამახვილა.
"...ვინც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ხელს აღმართავს პოლიციელზე, რესპუბლიკის სტუმარზე, თუ მას ვერ ვიპოვით, ძებნას არ დავუწყებთ, მის შინაურებს ვიპოვით. ჩვენ ეს ყოველთვის გვქონდა: და ჩვენი მამები თუ დამნაშავეს ვერ პოულობდნენ, აცხადებდნენ შურისძიებას მის (დამნაშავის) ძმაზე, მამაზე. ჩვენც მათზე ვიძიებთ შურს მათი ნათესავის გამო. ისინი კლავენ ადამიანს, შემდეგ კი ამბობენ: "მე უარს ვამბობ ამ ნათესავზე." ის არ იტყვის მასზე უარს, სანამ ჩვენ არ მივახვრეტთ მის რომელიმე ნათესავს", - თქვა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა.

„სააგენტო“ რამზან კადიროვს ოპოზიციური ტელეარხის, 1ADAT-ის მიერ გაკეთებული თარგმანის მიხედვით ციტირებს. აღნიშნული ტელეარხი თანამიმდევრულად აკრიტიკებს ჩეჩნეთის მოქმედ ხელისუფლებას და პირადად რამზან კადიროვს.

როგორც „კავკაზ.რეალიი“ წერდა, რუსეთის გვარდიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ახალი წლის წინ გამართულ თათბირზე კადიროვმა სამართალდამცველებს მოუწოდა, თავიდან მოიშორონ მისი კრიტიკოსები, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი.

„დაე წავიდეს რესპუბლიკიდან ყველა, ვინც არ ეთანხმება ჩვენს ხედვებს. ჩვენ ბევრს ვაპატიეთ, ბევრი დაკავებული გავათავისუფლეთ. არ დავინდობ არავის, ვინც ჩეჩნეთში რაიმეს ორგანიზებისკენ მოუწოდებს. რომელ სახელმწიფოშიც არ უნდა იმყოფებოდნენ, ჩვენ გავაგზავნით მოთხოვნას, რომ გადმოგვცენ ტერორისტი. თუ არ გადმოგვცემენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვიშოროთ ის თავიდან ისე, როგორც შეგვიძლია. ისინი ჩვენზე ლაპარაკობენ, რაც უნდათ, იღებენ ფილმებს - ჩვენ ეს არ უნდა გავატაროთ“, - განაცხადა თათბირზე რამზან კადიროვმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩეჩნეთის ლიდერი თავისი ოპონენტების ლიკვიდაციაზე საუბრობს.

გასული წლის ოქტომბრის ბოლოს კადიროვმა "არასანქცირებული არეულობების“ მკაცრად ჩახშობისა და მასში მონაწილეების მიმართ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, გროზნოში, შსს-ს და გვარდიის წარმომადგენლებთან გამართულ თათბირზე, კადიროვმა განაცხადა, რომ „თუ ერთი ადამიანი მაინც გავა არასანქცირებულ არეულობებზე“, ის უნდა „დააკავონ და ჩასვან“ ან „ჰაერში სამი გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთონ და თუ ამის შემდეგ ადამიანი კანონის მოთხოვნას არ ასრულებს, მეოთხე გასროლა შუბლში უნდა იყოს. მეტჯერ აღარ გამოვლენ“, - თქვა კადიროვმა და დასძინა, რომ ეს მისი „ბრძანებაა“.

XS
SM
MD
LG