Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა


ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ბერიძის სასამართლო სხდომა
ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ბერიძის სასამართლო სხდომა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაიამ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ზვიად ბერიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ვერსიით, 44 წლის ზვიად ბერიძემ 2024 წლის 1 იანვარს საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას ცოლს დანის დარტყმით დაზიანებები მიაყენა მარცხენა მხრის, ზურგის, თვალისა და თხემის არეში. მიყენებული დაზიანებებით ქალი გარდაიცვალა.

ბრალდებული წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლები. ამჟამად ის პირობით სასჯელს იხდიდა, 2020 წელს ნარკოდანაშაულისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.

პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ განაცხადა, რომ გამოიკითხა არაერთი მოწმე, ამოღებულია მტკიცებულებები, რომლებითაც დგინდება, რომ ზვიად ბერიძემ დამამძიმებელ გარემოებაში, ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა ოჯახის წევრის, ცოლის მკვლელობა. ის 2 იანვარს დააკავეს.

"ჩვენ მიერ გამოკითხული მოწმეები ადასტურებენ, რომ მას ცოლთან კონფლიქტური სიტუაცია წარსულშიც ჰქონდა“, - ამბობს პროკურორი. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ზვიად ბერიძეს შემაკავებელი ორდერი, პროკურორი აცხადებს, რომ - არა.

ბრალდებული ზვიად ბერიძე ცოლთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში, ცხოვრობდა. მკვლელობა იმ ბინაში მოხდა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულს სიტყვის უფლებით არ უსარგებლია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG