თეთრმა სახლმა 4 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლების დასკვნით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეიძინა ბალისტიკური რაკეტები და ამჟამად ირანისგან ცდილობს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.
ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯონ კირბის თანახმად, დაზვერვის დოკუმენტებში, რომლებსაც ახლახან მოეხსნა გრიფი "საიდუმლო", ნათქვამია, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა. რუსეთის ძალებმა მათგან სულ ცოტა ერთი რაკეტა ისროლეს უკრაინაში, 30 დეკემბერს, - ამბობს კირბი და დასძენს, რომ რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, მაგრამ "აქტიურად მიიწევს წინ".