Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ანექსირებულ ყირიმზე უკრაინის მორიგი შეტევის შესახებ იუწყება


უკრაინის არმია რუსეთის სამხედრო ობიექტებს უტევს ანექსირებულ ყირიმშიც. 2023 წლის დეკემბრის ბოლოს დარტყმა განხორციელდა ფეოდოსიის პორტში მყოფ სამხედრო გემ "ნოვოჩერკასკზე".
უკრაინის არმია რუსეთის სამხედრო ობიექტებს უტევს ანექსირებულ ყირიმშიც. 2023 წლის დეკემბრის ბოლოს დარტყმა განხორციელდა ფეოდოსიის პორტში მყოფ სამხედრო გემ "ნოვოჩერკასკზე".

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში გამთენიისას აფეთქებები იყო. ინფორმაცია ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით გავრცელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობა აღიკვეთა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დღეს, 5 იანვარს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 36 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ყირიმის თავზე და 1 - კრასნოდარის მხარეში. უკრაინას დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

4 იანვარს, დღისით, აფეთქებები იყო სევასტოპოლსა და ევპატორიაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სევასტოპოლის მახლობლად გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მართვის პუნქტი.

ანექსირებულ სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა 4 იანვარს, საღამოსაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ყირიმის თავზე 10 რაკეტა მოიგერიეს. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი რუსეთის მიერ 2014 წლიდანაა ანექსირებული.

XS
SM
MD
LG