Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში 92-ს მიაღწია მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა


მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლები ქალაქ ვაჯიმაში
მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლები ქალაქ ვაჯიმაში

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად განადგურებული სახლების ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ათამდე ადამიანის ცხედრები ამოიტანეს. 5 იანვრის დილის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 92 ადამიანი. დაკარგულად ითვლება 242. ცოცხლად გადარჩენილთა საპოვნელად კრიტიკულად მნიშვნელოვანი 72 საათი გუშინ, 4 იანვარს, საღამოს ამოიწურა.

ტელეკომპანია NHK-ს ინფორმაციით, ქალაქ ვაჯიმაში მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 80 წელზე უფროსი ასაკის ქალი, რომელმაც ნანგრევებში 72 საათზე მეტი გაატარა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ დღეს განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მაშველებსა და პოლიციელებთან ერთად სამხედროები მონაწილეობენ. სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, ოპერაციაში ჩართული სამხედროების რიცხვი 4600-მდე გაორმაგდა.

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა 1 იანვარს მოხდა. ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე, იშიკავის პრეფექტურაში მდებარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქებში სუზუსა და ვაჯიმაში სრულად ან ნაწილობრივ დანგრეულია სახლების დაახლოებით 90%. დროებითი განთავსების ცენტრებში იმყოფება უსახლკაროდ დარჩენილი 34 000-მდე ადამიანი.

XS
SM
MD
LG