პარასკევს დილით კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა სამხრეთ კორეის კუნძულების, პენიონდოსა და იონპჰიონდოს მახლობლად. ამის შესახებ სააგენტო „რიონჰაპი“ იტყობინება სამხრეთ კორეის სამხედროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, სეულმა სამოქალაქო პირებს უბრძანა, ევაკუირებულ იქნენ „ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სამხედრო პროვოკაციის აშკარა ნიშნების ფონზე“. როგორც „რიონჰაპი“ იუწყება, ჭურვები ბუფერულ ზონაში ჩავარდა, არავინ დაშავებულა.
სამხრეთ კორეის სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის მოქმედებებს „პროვოკაციული“ უწოდეს და განაცხადეს, რომ შესაბამის ზომებს მიმართავენ. დღის მეორე ნახევარში სამხრეთკორეელმა სამხედროებმა საკუთარი საზღვაო წვრთნა ჩაატარეს სროლაში.
ეს პირველი სამხედრო ინციდენტი არაა სამხრეთ კორეის კუნძულების რაიონში. შარშან დეკემბერში დაფიქსირდა სროლა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სასაზღვრო დაცვის მხრიდან, რასაც სასწავლო უწოდეს. 2010 წლის 23 ნოემბერს კუნძულ იონპჰიონდოს რაიონში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მოხდა საარტილერიო სროლა, რომელსაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.
ბუფერული ზონა, რომელშიც აკრძალულია საარტილერიო სროლა და სამხედრო-საზღვაო სწავლებები, შეიქმნა ორ კორეას შორის სამხედრო შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც 2018 წლის 19 სექტემბერს მოაწერეს ხელი საზღვარზე დაძაბულობის შემცირების მიზნით. 2023 წელს ფხენიანმა უარი თქვა მის სრულად დაცვაზე მას შემდეგ, რაც სეულმა ნაწილობრივ შეწყვიტა ეს პასუხად მზვერავი თანამგზავრის გაშვებაზე.
28 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა არმიასა და სამხედრო მრეწველობას მოუწოდა, გაააქტიურონ ძალისხმევა შესაძლო ომისთვის მოსამზადებლად. მან აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეასთან კვლავ შეერთება შეუძლებელია, ვინაიდან სამხრეთმა „თავის ეროვნულ პოლიტიკად აირჩია გადაყლაპვის გზით შეერთება“ და „სისტემის გაერთიანება“. ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელის სიტყვებით, ეს მკვეთრ კონტრასტშია ეროვნული გაერთიანების ხაზთან, რომელიც ემყარება პრინციპს „ერთი ერი, ერთი სახელმწიფო და ორი სისტემა“, რომელსაც ემხრობა ჩრდილოეთი კორეა.