Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეზბოლას ლიდერი: ისრაელი პასუხს აგებს ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის სიკვდილისთვის


ლიბანის შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა. 9 ივნისი, 2022.
ლიბანის შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა. 9 ივნისი, 2022.

რადიკალური ლიბანური შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლას ხელმძღვანელი შეიხი ჰასან ნასრალა ისრაელს „დასჯით“ დაემუქრა პალესტინური დაჯგუფება ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, ალეჰ ალ-არურის მოკვლისთვის. ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

როგორც ნასრალამ განაცხადა პარასკევს, „თუკი ალ-არურის მკვლელობაზე გავჩუმდებით, მთელი ლიბანი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება“. ამასთან, ჰეზბოლას ხელმძღვანელს არ დაუზუსტებია, რა ზომები შეიძლება მიიღოს დაჯგუფებამ და თავი შეიკავა ისრაელისთვის ომის პირდაპირ გამოცხადებისგან.

ნასრალამ ასევე ერაყის ხელისუფლებას მოუწოდა, ისარგებლოს „ისტორიული შესაძლებლობით“ და თავი დააღწიოს ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების ყოფნას. მანამდე, პარასკევს, ერაყის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ალ-სუდანიმ განაცხადა კომისიის შექმის შესახებ, რომელიც მოამზადებს წინადადებებს ქვეყანაში აშშ-ის მეთაურობით მყოფი საერთაშორისო კოალიციის ბაზების დახურვის თაობაზე. ეს არის რეაქცია ბაღდადში - როგორც იტყობინებიან, ამერიკელი სამხედროების მიერ - ადგილობრივი პროირანული დაჯგუფების ლიდერის მოკვლაზე. დაჯგუფება ამერიკის ბაზებზე თავდასხმებისთვის არის პასუხისმგებელი.

7 ოქტომბრიდან, როცა ჰამასი ისრაელს დაესხა თავს, ისრაელმა კი მიმართა საპასუხო ზომებს, რომლებიც თანდათან გადავიდა ღაზის სექტორში სახმელეთო სამხედრო ოპერაციაში, ჰეზბოლა (რომელიც სამხრეთ ლიბანის რამდენიმე რაიონს აკონტროლებს) და ისრაელი ერთმანეთს დარტყმებით უპასუხებენ. ორივე მხარეს დაღუპულთა რაოდენობა რამდენიმე ათეულია. დასავლეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ეს კონფლიქტი სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში შეიძლება გადაიზარდოს, თუმცა ჰეზბოლას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ირანთან, ჯერჯერობით ოფიციალურად არ განუცხადებია ომში ჩაბმის შესახებ და მხარეებს შორის დარტყმებს შეზღუდული ხასიათი აქვს.

პარასკევს ლიბანში იწყება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერის, ჟოზეპ ბორელის ვიზიტი. როგორც თავად ბორელი ამბობს, მისი მთავარი მიზანი უნდა გახდეს იმის მცდელობა, რომ თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი ესკალაცია ისრაელ-ლიბანის საზღვარზე. ბორელი ლიბანის ლიდერებთან განიხილავს ასევე ვითარებას ღაზის სექტორში, სადაც მიმდინარეობს ბრძოლები ისრაელის ჯარებსა და ჰამასს შორის.

ჰამასის პოლიტბიუროს წევრი ალ-არური 3 იანვარს დაიღუპა ლიბანის დედაქალაქში ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატის იერიშის შედეგად. ლიბანის ხელისუფლებამ პროტესტით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს. ლიბანის ცენტრალური ხელისუფლება სუსტია და შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელთაგან ყველაზე მძლავრია ჰეზბოლა, ქვეყნის ტერიტორიაზე ფაქტობრივად ავტონომიურად მოქმედებენ.

XS
SM
MD
LG