Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიამ სარაკეტო დარტყმა მიაყენა დონეცკის ოლქს, დაიღუპა 11 ადამიანი


პოკროვსკზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. 6 იანვარი. 2024 წელი
პოკროვსკზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. 6 იანვარი. 2024 წელი

6 იანვრის საღამოს რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა.

არსებული ცნობით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დაღუპულია 11 ადამიანი, მათ შორის - ხუთი ბავშვი, ხოლო რვა - დაშავებულია. ოფიციალური პირის თქმით, რუსმა სამხედროებმა S-300 რაკეტები გამოიყენეს. მთავარი დარტყმა მიაყენეს მირნოგრადის თემის ქალაქ პოკროვსკს (ყოფილი კრასნოარმეისკი) და სოფელ რივნეს. პოკროვსკში სამაშველო ოპერაცია გრძელდება, შესაძლებელია ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ იყოს ხალხი.

მანამდე იმავე ფილაშკინმა განაცხადა, რომ 6 იანვარს, დილით, რუსი სამხედროები თავს დაესხნენ სოფელ პივნიჩნოეს. მისი თქმით, ორი ავიაბომბი ორ მრავალსართულიან შენობას მოხვდა. დაიღუპა 63 წლის ქალი. გამოქვეყნდა დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების ფოტოები. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოკროვსკში მომხდარზე განცხადება გააკეთა. მან რუსეთი საცხოვრებელი შენობებისთვის ცეცხლის დაშენაში დაადანაშაულა და თქვა, რომ რუსეთმა უნდა „იგრძნოს, რომ არცერთი ასეთი დარტყმა არ ჩაივლის უშედეგოდ“. რუსეთის მხარეს მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც წესი, რუსეთი აცხადებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს იღებს მიზანში. უკრაინაში სამხედრო ოპერაციების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე ინფორმაცია თითქმის ყოველდღე ვრცელდება. ხშირად ფრონტის ხაზთან მდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობაზეა საუბარი.

XS
SM
MD
LG